მანჩესტერ "იუნაიტედის" მცველის პატრის ევრას განცხადებით, მას ჯერ ვერ გადაუწყვეტია დარჩება თუ არა კლუბში. ფრანგ ფეხბურთელს კოტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება: "ორ კვირაში გადავწყვეტ, თუ რას ვაპირებ. არავის ვატყუებ, ბევრი ჭორი გავრცელდა ჩემზე მივდივარ თუ ვრჩები გუნდში. ამ მომენტისთვის ჯერ ვერ გეტყვით. ჩემი აგენტი შეხვდება კლუბის ხელმძღვანელობას და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით სეზონის ბოლომდე მოვიცდი. მიუხედავად ყველაფრისა, ყველამ იცის თუ როგორ მიყვარს კლუბი." _ განაცხადა ევრამ.
32 წლის ფრანგმა მცველმა მიმდინარე სეზონზეც გააკეთა კომენტარი.
"ამ საშინელი სეზონის დავიწყება სწრაფად უნდა მოვახერხოთ. გუნდისთვის მტკივნეული იყო წაგება, არა მხოლოდ "სანდერლენდთან" არამედ იმ ბევრ მატჩში, რომელიც დავთმეთ. რა თქმა უნდა, კრიტიკას ვიმსახურებთ, რადგან ვერცერთ ტურნირზე თავი ვერ გამოვიჩინეთ."
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერმა" პატრის ევრა 2006 წელს ფრანგული "მონაკოდან" 8 მილიონ ევროდ შეიძინა. ახლა “მონაკოს” ფეხბურთელის დაბრუნება სურს. ფრანგი მცველისადმი ინტერესს მილანის "ინტერიც" იჩენს.
გიორგი ბალახაძე