საქართველოში სტუმრად მყოფმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანთან შეხვედრები გამართა.
ის კმაყოფილია სახელმწიფოს იმ გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც ქართული რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა თითქმის გასამმაგდა და 2014-2016 წლებში ამ კუთხით 33 673 968 ლარი დაიხარჯება. ლაპასე ქართული რაგბის გულშემატკივრებს პირდება, რომ ჩვენი ქვეყნის რაგბის განვითარებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს და ექვსი ერის გაფართოებასთან ერთად, ქართული კლუბების ევროტურნირებში ჩართვაზეც იზრუნებს.
პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ლაპასემ, ლევან ყიფიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ სპორტის სამინისტროს შენობაში მდებარე სპორტის მუზეუმი დაათვალიერეს, მერე მინისტრის კაბინატში მოლაპარაკება გამართეს, ბოლოს კი, ჟურნალისტებს შეხვდნენ.
ლევან ყიფიანი: “დღეს ჩვენ განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. ბერნარ ლაპასეს ჩამობრძანება ქართული რაგბის დიდი დაფასებაა და მინდა მას მადლობა გადავუხადო ამისათვის. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერმინისტრთან საინტერესო შეხვედრა შედგა და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რაგბისადმი ის მხარდაჭერა, რომლის შესახებაც დადგენილება გუშინ მივიღეთ.
სახელმწიფოს, საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა გვაძლევს იმ შედეგს, რაც სპორტის ამ სახეობაში გვაქვს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ უპროცენდენტო გადაწყვეტილება და ქართული რაგბის მხარდაჭერა დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. ეს თანხა მოხმარდება ახალგაზრდული აკადემიების დაარსებას, ჩემპიონატის მონაწილე კლუბების დაფინანსებას, მათ შორის პირველი ლიგის გუნდებისასაც და რაღა თქმა უნდა ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების განვითარებას.
მთლიანობაში, ხვალინდელი მატჩის წინ ქართული რაგბის მიმართ კარგი საჩუქარი გამოგვივიდა. ლაპასესთან შეხვედრა გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველო სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, ასევე 7-კაცა რაგბის ტურნირებს უმისპინძლებს”.
გიორგი ნიჟარაძე: “დიდი მადლობა ლაპასეს, ამ ძალზედ დაკავებულ ადამიანს, რომ გამონახა დრო და ჩვენს ქვეყანას ეწვია. ეს მისი მხრიდან ქართული რაგბისადმი მხადაჭერის უდიდესი გამოხატულებაა. პრემიერმინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა შედგა. ლაპასემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს, კერძო სექტორის და რაგბის კავშირის ამგვარი წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა სამაგალითოა. სახელმწიფოს მხრიდან იზრდება ქართული რაგბის დაფინანსება და რა თქმა უნდა, იზრდება მიზნები და მოთხოვნებიც.
ლაპასესთან შეხვედრისას ვისაუბრეთ პრობლემებზეც. რაგბის საერთაშორისო საბჭო მზადაა, რომ საქართველოში ნებისმიერი უმაღლესი დონის ტურნირი ჩაატაროს, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატები, მაგრამ ამისათვის საჭიროა ერთი დიდი სტადიონი და 6-7 მომცრო ბაზა, რათა გუნდებს მოსამზადებლად სათანადო პირობები ჰქონდეთ. ქართული რაგბის განვითარებისთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია ქართული კლუბების განვითარება. ამ ფონზე, თუ ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე არ მიიღეს მონაწილეობა, მაშინ განვითარება ვერ გაგრძელდება და მხოლოდ საკუთარ წვენში მოვიხარშებით. უნდა გაჩნდეს ამგვარი მოტივაცია, მაგრამ “ჩელენჯ ქაფზე” მონაწილეობისთვის გუნდს დაახლოებით 250-300 ათასი ევრო ჭირდება და ამისათვის საჭიროა საქმეში კერძო სექტორის ჩართვა. სამინისტროში მიდის მუშაობა, რათა შედგეს პროექტი და ბიზნესი სპორტში ფულის დაბანდებით დაინტერესდეს”.
ბერნარ ლაპასე: “მოხარული ვარ თბილისში სტუმრობით. პრემიერმინისტრთან და მინისტრან შეხვედრებს აუცილებლად მოჰყვება კონკრეტული შედეგები. რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია სტაბილურობა და სტრატეგია. საქართველომ უკვე მიაღწია განვითარების გარკვეულ დონეს და ეს შედეგია საქართველოს რაგბის კავშირის სწორი ხედვისა და სახელმწიფოს მხარდაჭერისა. თქვენ უკვე გაქვთ ძალიან კარგი ნიადაგი შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
საქართველო ევროპაში მეშვიდე ქვეყანაა რაგბის განვითარების კუთხით. მართალია ირბ-ს არანაირი კავშირი არა აქვს ექვს ერთან, მაგრამ 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ამ ტურნირთან საქართველოს შერწყმის მიმართულებით. პირადად ჩემი პოზიცია ისეთია, რომ საზღვრები აუცილებლად უნდა გაიხსნეს. ექვსი ერით და ოთხი ერით არ უნდა მოხდეს რაგბის პრივატიზება. აგერ 7-კაცა რაგბს უკვე 120 ქვეყანაში თამაშობენ და ის ნელ-ნელა ავიწროვებს 15-კაცა რაგბს და ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ჩაკეტილი სივრცის გახსნა.
ჩვენ მზად ვართ საქართველოს დღესვე შევთავაზოთ ახალგაზრდული, მაღალი დონის ტურნირების ჩატარების იდეა. აუცილებელია საკლუბო რაგბის განვითარებაც. აქაც უნდა გაიხსნას ჩაკეტილი წრე და საქართველოს, სხვა ქვეყნის კლუბებსაც უნდა მიეცეთ “ჰაინეკენის თასსა” და “ჩელენჯ ქაფზე” მონაწილეობის საშუალება. აქამდე ჩვენ არ ვერეოდით საკლუბო ტურნირების ორგანიზებაში, მაგრამ ახლა ინგლისურ კლუბებს სურთ, რომ კიდევ ერთი ჩაკეტილი წრე შექმნან, რასაც მე აუცილებლად შევეწინააღმდეგები. საქართველო ევროპის ნაწილია და ის აუცილებლად უნდა ჩაერთოს ევროპულ საკლუბო ტურნირებში.
ჩვენ დიდი ბრძოლა გადავიტანეთ, რათა 7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გამხდარიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა მასში 12-ზე მეტი ქვეყნის ჩართვა. შევქმენით ისეთი შესარჩევი სისტემა, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი, სამომავლოდ კი, მწამს ოლიმპიადაზე მონაწილე გუნდების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება”.