სტატიები

13:16 | 1.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ჩემპიონატი ხურდება

მაშ ასე, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო. ალბათ, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, საპრიზო სამეულისთვის ერთმანეთს თბილისის “დინამო”, გორის “დილა” და ქუთაისის “ტორპედო” შეეცილებიან. თუმცა, წინასწარ “ჩიხურასა” და “ზესტაფონსაც” ნუ ჩამოვწერთ.
უმცროსი დუშან უჰრინის ხელში “დინამო” ჯერ კიდევ თიხას ჰგავს, რომლიდანაც სავარაუდოდ ლამაზი და დახვეწილი ჭურჭელი გამოიძერწება. ცხადია, ამას ბევრი ოფლი და მუშაობა დასჭირდება, მაგრამ ტენდენცია აშკარად აქეთ მიდის. გუშინ “დინამომ” რუსთავის “მეტალურგი” 3:0 დაამარცხა. ეს დინამოელთა მეექვსე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა წლევანდელ სეზონში, რაც თავისთავად მათ მაღალ (საქართველოს კვალობაზე) ოსტატობაზე მიუნიშნებს. ისევ გაიტანა ჯაბა დვალმა. ახლა ის 9 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და კიდევ ერთხელ ჩნდება რიტორიკული კითხვა: მაშინ, როცა ეროვნულ ნაკრებს კარში დამრტყმელი არ ჰყავს და ლამის მეკარეებმა დაიწყონ შეტევებში ჩართვა, რატომ არ იძახებენ დვალს. ერთხელ დაუძახეს და ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ბოლო შეკრებაზე აღარავის გახსენებია. გასაგებია, რომ მწვრთნელებს თავისი ხედვა და პრინციპები გააჩნიათ, მაგრამ ნუთუ ერთხელ მაინც არ შეიძლება მივცეთ ამ ადამიანს თავის გამოჩენის საშუალება? არ ვიცი, შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ეროვნული გუნდის მწვრთნელთა ასეთი ქმედება ცოტა გაუგებარი და ულოგიკოა. თუმცა, ეს სხვა თემაა და ისევ ჩვენს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. “დინამოსას” საბოლოოდ მაშინ დავიჯერებთ, როცა ხარისხი სტაბილურობაში გადავა. აი, კვირას თბილისელებს “კლასიკო” უწევთ ქუთაისში და ესეც კარგი გამოცდა იქნება. ვნახოთ. იგივე შეიძლება ითქვას “ტორპედოზეც”. გია გეგუჩაძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სერიოზული მწვრთნელია. გუნდი აშკარად უმატებს და იხვეწება, მაგრამ როგორც თავად ბ-ნი გია ამბობს: სტაბილურობა აკლიათ. გუშინდელი ტურის ყველაზე ხმაურიანი ამბავიც ალბათ “ტორპედოს” “ზუგდიდთან” წაგება იყო. თუმცა ქუთაისელებს ამის გამო ნუ დავძრახავთ, “ზუგდიდი” თავისებური, კერკეტი გუნდია და რომ დასჭირდეს, შინ შესაძლოა ნებისმიერი (და არა მხოლოდ ქართული) გუნდი დაამარცხოს. მასთან სტუმრობისას ყველას უჭირს. “ტორპედოს” კი კვირას მშვენიერი შანსი ექნება ყველას დაუმტკიცოს, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ტყუილად არ მიიჩნევენ.
გორის “დილაზე” კი დღეს გარკვევით ვერაფერს მოგახსენებთ. ცხადია, რომ რაღაც ახალი, დიდი და კარგი პროექტის მომსწრენი ვართ. გიორგი დარასელიას მისვლის შემდეგ გუნდმა ზედიზედ 8 თამაში მოიგო, რაც ფანტასტიკური შედეგია. თუმცა ყველაფრის განმსჯელი დროაო, ბრძენ ხალხს უთქვამს და ვნახოთ. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ გორელები ჩემპიონობის მთავარ კანდიდატებად შეიძლება მივიჩნიოთ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადრე თუ გვიან “ჩავარდნის” პერიოდი ყველა გუნდს უდგება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ გადაიტანენ ამას შიდაქართლელები. ამ მხრივ, საინტერესო იქნება კვირის მატჩი ივანწმინდაში, თავმოყვარე “ჩიხურასთანაც”.
პრობლემები ჰქონდა “ზესტაფონსაც”, მაგრამ გუშინ მარტვილში დამაჯერებელი გამარჯვებით მათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. აი, რუსთაველებს კი წლეულს აშკარად უჭირთ და ეს გუშინაც გამოჩნდა “დინამო არენაზე.” შარშანდელი “უგვირგვინო ჩემპიონები” მე-6 ადგილზე მყოფ “ზუგდიდს” უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან და ვინძლო საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა პრობლემად ექცეთ. მწვრთნელის შეცვლამ ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.
რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს. დასანანია, რომ ბოლო ორ ადგილზე ზღვისპირა გუნდები არიან. ცხადია, უარესიც გვინახავს, როცა ესენი დაბალ ლიგაში იყვნენ, მაგრამ მაინც, საქართველოს გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი ტრადიციული გუნდები მინიმუმ სამეულისთვის უნდა იბრძოდნენ.
მე-12 ტური: დინამო (თბ) – მეტალურგი 3:0, ზუგდიდი – ტორპედო 2:1, დინამო (ბთ) – სიონი 0:1, მერანი – ზესტაფონი 0:3, ჩიხურა _ კოლხეთი 2:1, ვიტ ჯორჯია _ დილა 0:2

 

 

1 დინამო (თბ) 12 9 2 1 34:8 29
2 დილა 12 8 1 3 20:8 25
3 ტორპედო 12 8 1 3 27:10 25
4 ჩიხურა 12 7 2 3 17:12 23
5 ზესტაფონი 12 6 2 4 15:8 20
6 ზუგდიდი 12 5 6 2 14:9 20
7 მეტალურგი 12 5 0 7 8:17 15
8 ვიტ ჯორჯია 12 4 2 6 10:16 14
9 მერანი 12 4 0 8  7:23 12
10 სიონი 12 2 4 6 10:20 10
11 დინამო (ბთ) 12 2 2 8 10:22 8
12  კოლხეთი 12 0 3 9 5:24 3


მე-13 ტური. 4 ნოემბერი: ვიტ ჯორჯია – მერანი, ჩიხურა – დილა, კოლხეთი – სიონი, დინამო (ბთ) – ზუგდიდი, ტორპედო – დინამო (თბ), მეტალურგი - ზესტაფონი

ბომბარდირები:
9 – ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
7 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალვარო (“დინამო” თბილისი)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ჩისკო (2 პენ, “დინამო” თბილისი)
5 - რევაზ ჯიქია (“სიონი”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”)
   
4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით ოდიკაძე (“ჩიხურა”, 2)
3 – დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), გიორგი კუხიანიძე (1), ლევან ხმალაძე (“დინამო” თბილისი), საბა ლომია (“მერანი”),  რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”), ნიკო კვასხვაძე (“ჩიხურა”), დავით გამეზარდაშვილი (“ზუგდიდი”)
2 – გივი კვარაცხელია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან შარიქაძე (“ზესტაფონი”), ლევან კუტალია (1), შოთა ლომია (“ზუგდიდი”), რევაზ გოცირიძე, გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მიქაბერიძე (“მეტალურგი”) ირაკლი მოდებაძე, რომან ახალკაცი, გიორგი კახელიშვილი, ჟუნიორი, სანდრო გურული, ირაკლი კლიმიაშვილი (1, “დილა”), პაატა ცხვიტარია, პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, პატრიკ მილხრაუმი, ოთარ კვერნაძე, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ნოზაძე, გივი დიდავა (“მერანი” მარტვილი), რობერტინიო, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ამირან მუჯირი, თორნიკე ბერიძე, ალექსანდრ ტიმჩიშინი (“დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (“სიონი”), ედიკ საჯაია, ბესო დეკანოიძე, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, თეიმურაზ შარაშენიძე, ნიკა გუშარაშვილი (“ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ელგუჯა ლობჟანიძე, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა გაბრიჩიძე, გურამ გურეშიძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი გაბედავა, დაჩი ფოფხაძე (“ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, დათო კვირკველია, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, გულვერდ თომაშვილი, ზურაბ არზიანი (“დილა”), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”)
ავტოგოლი: ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”)

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

სოლომონ გულისაშვილი

 

0.097622