მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ემილიო ბუტრაგენიო ესპანურ ტელეარხ tve-ს სტუმარი გახლდათ, სადაც მან არა მარტო "სამეფო კლუბზე", ზოგადად პრიმერადივიზიონზე და რა თქმა უნდა, "ბარსელონაზეც" ისაუბრა.
გეცოდინებათ, 48 წლის ბუტრაგენიო "რეალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია:
- დღევანდელი "რეალი" დიდ კამათს იწვევს. ზოგიერთის აზრით, გუნდი ფანტასტიკურია, თუმცა, ბევრი თვლის, რომ კიდევ აკლია რაღაც ღირებულებები...
- "რეალის" ისტორიაში ბრწყინვალე წლები ყოფილა. ალბათ, საუკეთესო პერიოდი ალფრედო დი სტეფანოს მოსვლით დაიწყო, შემდეგ იყო სხვადასხვა თაობები, მათ შორის, ჩემიც. ამისკენ მიისწრაფვის დღევანდელი "რეალიც".
- რას იტყვით ფლორენტინო პერესის გამოსვლაზე? პრეზიდენტმა კლუბში არსებულ ყველა სასიკეთო პროცესებზე ისაუბრა.
- "რეალში" ყოველთვის იყვნენ დიდი პიროვნებები. მწვრთნელზე თუ ვისაუბრებთ, ჟოზე მოურინიუს ბევრი ღირსება აქვს, მრავალმხრივად პროფესიონალი კაცია. ის დეტალებსაც მნიშვნელობას ანიჭებს და იბრძვის სრულყოფილებისთვის, დღიდან დღემდე სურს გუნდის პროგრესი. "რეალის" თამაში მოურინიუს პიროვნების გამოხატულებაა. პორტუგალიელი ძალიან მომთხოვნია.
- რა არ ჰყოფნის ჟოზეს?
- ის ძლიერი ადამიანია და ზოგჯერ უჭირს ჩარჩოებში ყოფნა. თუ რაიმე არ მოსწონს, ხმამაღლა ლაპარაკობს, ეს კი ზოგიერთისთვის შოკია.
- ჩემპიონთა ლიგა და პრიმერადიზიონი – თუ მოურინიუმ ამ ორიდან ვერცერთი მოიგო, მაინც დარჩება გუნდში?
- იმედია, ამ სეზონში ტიტულებს მოვიგებთ. და თუ ასე არ მოხდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთში მთავარი სტაბილურობაა. მოურინიუს კიდევ 2 წელი აქვს კონტრაქტი და კარგი იქნება, თუ მუშაობას გააგრძელებს. მერე კი ვნახოთ.
- რა რჩევას მისცემდით მას?
- მხოლოდ ამას: "მშვიდად, მასტერ!". თუმცა, თავად უკეთ იცის, ტოპ-კლასის ფეხბურთელებთან მუშაობა მისი სტიქიაა. დარწმუნებული ვარ, ჟოზეს "რეალში" ტრიუმფი ელის.
- AS-ის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ხალხს "ბარსელონა" უფრო უყვარს, ვიდრე "რეალი".
- ხშირად დავდივარ ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში და უცხოეთშიც, ამიტომაც გარწმუნებთ, რომ "რეალის" მიმართ ყველგან პატივისცემა იგრძნობა. 50 ქვეყანაშია "სამეფო კლუბის" ფან-კლუბი და მუდმივად ვიღებთ თხოვნას, რომ კიდევ მეტი გაიხსნას. ვერ ვგრძნობ, თითქოს ხალხს "ბარსა" უფრო უყვარდეს. მგონი, პირიქითაა.
- მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი და მდიდარი იყავით და უამრავი თაყვანისმცემელი გყავდათ, საკუთარი თავი არასოდეს შეგიქიათ (ეს მინიშნება იყო კრიშტიანუ რონალდუზე – რედ.).
- აჰ, მესმის... რონალდუ ნამდვილი პროფესიონალია. მისი მინდორზე ქცევა სანიმუშოა. გამუდმებით ურტყამენ ფეხებში და ითმენს. არასოდეს მითქვამს, რომ ის არასპორტულად იქცევა მინდორზე. არც მსაჯებს ლანძღავს. ვფიქრობ, არასწორი იმიჯი შეუქმნეს პორტუგალიელს.
- ის ნერვიულობს, როცა უყვირიან "მესი, მესი".
- ძნელია, როცა შენი მწყობრიდან გამოყვანა სურთ. როცა ვინმეს მუდმივად გადარებენ და თან, ამას ბოროტად აკეთებენ, თავის შეკავება რთულია.
- რეალურად ძნელი აღსაქმელი იყო მომენტი, როცა მოურინიუმ ტიტო ვილიანოვას უხეშად ხელი ჰკრა.
- ტრიბუნიდან ვერ დავინახე, მხოლოდ შემდეგ ტელევიზორში დავაკვირდი ამ ეპიზოდს. მოურინიუმ ხომ უკვე მოიხადა ბოდიში. წარმოვიდგინოთ, გასულ სეზონში 21 დღის განმავლობაში ოთჯერ ვეთამაშეთ კატალონიელებს და სუპერთასის დროსაც ამიტომ იყო ნერვების წყვეტა.
- ფიქრობთ, რომ ჟოზეს პროვოკაცია მოუწყვეს?
- ამბობენ, ასე იყოო. არ მომწონს, როცა ყველაფერში დამნაშავედ "რეალს" თვლიან. არ მინდა ცალსახად საუბარი, მაგრამ ყველაფერს ანალიზი სჭირდება და თუ ერთი გუნდი აშავებს, მეორეც არაა უბრალო, მისი გაკრიტიკებაც შეიძლება.
- გასაგებია. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ ვის თვლით?
- ვინც მინახავს, მათ შორის - დიეგო მარადონა. იოჰან კრუფიც ძალიან ძლიერი იყო, თუმცა, მაინც მარადონა.
- და თქვენი დროინდელი "რეალის" საუკეთესო ხუთეულიდან ვინ იყო საუკეთესო?
- საფეხბურთო თვალსაზრისით, მარტინ ვასკესი. ისე კი, მეგობრობას ყველასთან ვინარჩუნებ.
- დღევანდელი "ბარსელონა" საუკეთესოა მათ შორის, რაც გინახავთ?
- კრუიფის "ბარსა" ბრწყინვალე იყო, თუმცა ახლანდელი უკეთესია... თანაც, ხოსეპ გვარდიოლას გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და ვინ იცის, კიდევ რამდენს მიაღწევენ. "რეალისთვის" კი ეს სტიმულია და ვნახოთ, რას ვიზამთ მათ წინააღმდეგ.
ილია ნანობაშვილი







