ბრაზილიელი ფეხბურთელი – ედმუნდო ხომ გახსოვთ? ის ედმუნდო, 9 წლის წინ, ფლორენციის ”ფიორენტინაში” რომ თამაშობდა და ბრაზილიის კარნავალზე კუნტრუში რომ არჩია დამტვრეული ბატისტუტას ნაცვლად ”იებში” თამაშს. ჰოდა, თუ ედმუნდო გაგახსენდათ, მის ”მჟავე” ხასიათსაც გაიხსენებდით. როგორც ჩანს, ედმუნდო კარიერის დასრულების შემდეგაც ძველ ედმუნდოდ დარჩა და ედმუნდომ, მეტსახელად ”მხეცმა”, მსოფლიოს თავი ცოტა ხნის წინ კვლავ სკანდალურად შეახსენა.
მოკლედ, სან-პაულოს ერთ-ერთ სასტუმროში მონებივრე ედმუნდომ (რომელიც ცოლთან გაყრას ოფიციალურად აპირებს) და მისმა მეგობრებმა მეძავებით ტკბობა მოინდომეს და მათი ეს სურვილი სასტუმროს ადმინისტრაციამ მსწრაფლივ დააკმაყოფილა. მაგრამ რად გინდა? ედმუნდოს მისთან ”განაწილებული” მეძავი თვალში არ მოუვიდა და ერთი ამბავი ატეხა.
მისი წიოკი სასტუმროს ადმინისტრაციამ ამჯერად ყურად აღარ იღო და ყველაფერი უბედური მეძავის გვარიანი მიტყეპვით დასრულდა, რის გამოც, მართალია, “მხეცი“სამხეცეში არა, მაგრამ პოლიციის განყოფილებაში კი მიაბრძანეს. ედმუნდო წინასწარი დაკავების იზოლატორში სულ ორიოდე დღე იჯდა და სათანადო ჯარიმაც გადაიხადა, მაგრამ ამ კაცის გამოსწორება რომ არ იქნება, ეს აქედანვე ცხადია.







