ძიუდო

16:09 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები დარბაზის გარეშე დარჩნენ

 

ქართველი ძიუდოისტები დარბაზის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ელემენტარული სავარჯიშო პირობების არარსებობის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა და ნაკრების წევრებმა დღეს, სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

წინასწარი გეგმით, ჟურნალისტებთან შეხვედრის მთავარი მიზეზი 24-27 აპრილს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატის შეჯამება უნდა ყოფილიყო. ნაწილობრივ ასეც მოხდა – ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ, ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ვერცხლის პრიზიორმა ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) ჯერ კიდევ პრესკონფერენციის დაწყებამდე, ტელეკამერების წინ ფრანგულ არენაზე ნაჩვენები შედეგი დადებითად შეაფასეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეკრების ოფიციალური ნაწილი დაიწყო და ქევხიშვილმა დარბაზის პრობლემა ახსენა, სალაპარაკო თემაც მხოლოდ ეს საკითხი გახდა.

“საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჩვეულად, უმაღლეს დონეზე გამოვიდა და ინდივიდუალურ პირველობაზე მოპოვებულ 2-2 ოქროსა და ვერცხლის მედალს გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონის მორიგი ტიტული მიამატა. მადლობა სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მედპერსონალს და აბსოლუტურად ყველას, ვისაც ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვით. მიხარია, რომ ამჟამად ქართული ძიუდო სათანადო სიმაღლეზე დგას, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენო პრობლემა, რომელმაც შეიძლება ნელ-ნელა დაღმასვლა გამოიწვიოს. რაც არ უნდა კურიოზულად ჟღერდეს, მთავარი პრობლემა დარბაზის არქონაა. დიღომში მდებარე დარბაზში, რომელშიც ვარჯიშებს ვატარებდით, თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენი სპორტსმენებისთვის იქაური კარი დიდი ხნით დაიხურა. დაპირებებს ვიღებდით და ახლაც ვიღებთ, მაგრამ სიტყვა საქმემდე არ მიდის. არ გვინდა, ამ მთავრობამაც წინა მთავრობის შეცდომა გაიმეოროს” – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ერთ პრობლემატურ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება:

“სპორტის რიგ სახეობებში პროგრამული დაფინანსება ხდება. სამწუხაროდ, ძიუდოში ამას ვერ მივაღწიეთ. მზად გვაქვს ძიუდოს განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, მაგრამ მას ოფიციალური მხარდაჭერა სჭირდება, რაც ჯერჯერობით არ ხდება” – დასძინა ქევხიშვილმა.

ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირადად მისთვისაც და ყველა ძიუდოისტისთვის ერთობლივ შეკრებებში მონაწილეობა მოსამზადებელი პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ევროპის ორგზის ჩემპიონის სიტყვებით, ბევრი ნაკრები გამოთქვამს საქართველოში ჩამოსვლის და აქაურ გუნდთან ერთად შეკრების გავლის სურვილს, მაგრამ...

“როდესაც ხელისშემშლელ მიზეზს – დარბაზის არარსებობას ვეუბნებით, არც კი გვიჯერებენ. კარგი იქნება, თუ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოგვიგვარებენ” – გვითხრა ლიპარტელიანმა.

ხვალ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრება, მინისტრთან შესახვედრად და სავარაუდოდ, მთავარი სასაუბრო თემა დარბაზის პრობლემა იქნება.

0.12196