ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2479) რუსეთის ქალაქ ნალჩიკში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრიზე მორიგი ჩინებული გამარჯვება იზეიმა და ტურნირის ლიდერ რუს ტატიანა კოსინცევას (2524) კვალში ჩაუდგა.
გრან-პრის მე-8 ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით მანამდე მე-2 ადგილზე მყოფ ჩინელ იიფან ჰოუს (ტურნირზე მე-2 რეიტინგი – 2570) დაუპირისპირდა და დანებება 69-ე სვლაზე აიძულა.
ამ წარმატების წყალობით, ნანამ იმავე ჰოუს, შვედი პია კრამლინგისა (2523) და ყატარის სახელით მოთამაშე ჩენ ჟუს (2476) დარად, 5 ქულა მოაგროვა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, მე-2 პოზიციაზე დამკვიდრდა. ტურნირის ლიდერი კოსინცევა ამჯერად თურქ ბეტულ ჩემრე ილდიზს დაუზავდა და თავი 6.5 ქულა მოუყარა.
ნალჩიკურ ტურნირზე გასამართი სამი ტურიღა დარჩა. ძაგნიძე მე-9 და მე-11 ტურებში შავი ფიგურებით, შესაბამისად, ჩინელ ქსუე ჟაოსა (2490) და მონღოლ ბატხუაგ მუნგუნტაალს (2428) ეთამაშება, მეათეში კი თეთრებით სომეხ ელინა დანიელიანს (2491) შეხვდება, ამდენად, ლიდერებში დარჩენის კარგი შანსი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ფიდე ქალთა შორის გრან-პრის, რომელიც 6 ტურნირისაგან შედგება, პირველად ატარებს. მოჭადრაკეებს უფლება აქვთ 6-დან 4 ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, საიდანაც სამი საუკეთესო შედეგი შეჯამდება და ადგილები ამის მიხედვით განაწილდება.
აღსანიშნავია, რომ გრან-პრის გამარჯვებული პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულისთვის მატჩში თამაშის უფლებას მიიღებს, რომელშიც მისი მეტოქე წელსვე თურქეთში დაგეგმილი მსოფლიოს პირველობის მოწინავე იქნება.
გრან-პრის ტურნირებიდან ორი, თურქეთსა და ჩინეთში, უკვე ჩატარდა. ძაგნიძემ ჩინეთში იასპარეზა და პირველ ადგილზე გასული მასპინძელი იუჰუა ქსუს შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა, რისთვისაც 130 ქულა ერგო. ძაგნიძესთან ერთად, გრან-პრიში ჩართულია მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძეც, რომელმაც თურქეთში ჩატარებულ ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 6 ათასს მიიღებს, მთელი სერიის ჩემპიონი კი 15 ათასით დასაჩუქრდება.
ფიდე-ს გრან-პრის დარჩენილი სამი ტურნირის განრიგი ასე გამოიყურება: IV. 2010 წლის 23 ივნისი-6 ივლისი, ქ.ჯერმუკი (სომხეთი), V. 29 ივლისი-12 აგვისტო, ქ. ულან-ბატორი (მონღოლეთი) VI. 27 ოქტომბერი-9 ნოემბერი, ქ.სანტიაგო (ჩილე).
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. ნალჩიკი (რუსეთი). 25 აპრილი-8 მაისი
მეხუთე ტური
ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2479) - იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2570) 1:0
ჩენ ჟუ (2476, ყატარი) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2491) 0.5:0.5
ბატხუაგ მუნგუნტაალი (მონღოლეთი, 2428) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2490) 0:1
ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2385) – ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2503) 0:1
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2622) – პია კრამლინგი (შვედეთი, 2523) 0.5:0.5
ბეტულ ჩემრე ილდიზი (თურქეთი, 2244) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2524) 0.5:0.5
1. კოსინცევა – 6.5; 2. ძაგნიძე – 5; 3. კრამლინგი – 5; 4. ჰოუ – 5; 5. ჟუ – 5; 6. კონერუ – 4; 7. მრტჩიანი – 4; 8. ჟაო – 3.5; 9. კოვანოვა – 3; 10. მუნგუნტაალი – 3; 11. ილდიზი – 2.5; 12. დანიელიანი – 1.5;







