ჭადრაკი

14:29 | 16.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე სამეულის ზღვარზე

პეკინში მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშების ეგიდით ბოლო საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ პლანეტის უძლიერესმა ქალმა მოჭადრაკეებმა შეჯიბრება სწრაფ ჭადრაკში გახსნეს, შემდეგ ბლიციც ითამაშეს, ბოლო კი ერთმანეთს დაფაზე დაუხედავად თამაშში დაუპირისპირდნენ.
წინა ორი ტურნირის მსგავსად, ამჯერადაც საქმეში გახლდათ ნანა ძაგნიძე (2516), რომელმაც საპრიზო სამეულში შესვლა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების გამო ვერ მოახერხა. ქართველმა მოჭადრაკემ კარგად დაიწყო და ფრანგი ალმირა სკრიპჩენკოსა (2468) და რუსი ალექსანდრა კოსტენიუკის (2439) დამარცხების კვალად, ერთპიროვნული ლიდერიც გახლდათ, თუმცა, აღებული ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო.
მე-3 ტურში ძაგნიძე ჩინელ ვენჯუნ ჟუსთან (2543) დამარცხდა, რასაც უკრაინელ კატერინა ლაჰნოსთან (2549) ყაიმი და ჩინელ იიფან ჰოუსთან (2578) წაგება მიაყოლა. ნანამ მდგომარეობა დასკვნით ტურებში გამოასწორა და ინდოელ დრონავალი ჰარიკასა (2513) და ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს (2503) აჯობა.
საბოლოოდ, ქართველმა დიდოსტატმა ჩმილიტეს, კოსტენიუკის, ბერძენი ელენა დემბოსა (2468) და გერმანელი ელიზაბეტ პაეტის (2457) დარად 4.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეოთხე პოზიცია დაიკავა.
მესამე ადგილზე კოსტენიუკი გავიდა, მეორეზე – ჩმილიტე, ხოლო დაფაზე დაუხედავად თამაშში საუკეთესო ჰოუ გახლდათ, რომელმაც შვიდ ტურში 5.5 ქულა მოაგროვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17014