რუსეთის ქალაქ ნალჩიკში დასასრულს მიუახლოვდა ფიდე-ს მიერ ორგანიზებული საჭადრაკო გრან-პრი, რომლის ლიდერთა შორის ადგილს ერთადერთი ქართველი მონაწილე ნანა ძაგნიძეც (2479) ინარჩუნებს.
ტურნირის მე-9 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ჩინეთის ერთ-ერთ მოწინავე მოჭადრაკე ქსუე ჟაოს (2490) დაუპირისპირდა და 72-ე სვლაზე ყაიმი გააფორმა. შედეგად, ნანას 5.5 ქულა მოუგროვდა და 12 მონაწილეს შორის მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
გრან-პრის სათავეში კვლავაც რუსი ტატიანა კოსინცევა (2524) იმყოფება, რომლის აქტივშიც 7 ქულაა, ხოლო მეორე-მესამე ადგილებს, 6-6 ქულით, შვედი პია კრამლინგი (2523) და ჩინელი იიფან ჰოუ (2570) ინაწილებენ.
ნალჩიკური ტურნირზე ორი ტური დარჩა გასამართი. დღეს, ძაგნიძე თეთრი ფიგურებით აშკარა აუტსაიდერ სომეხ ელინა დანიელიანს (2491) დაუპირისპირდება, ხვალ კი – შავებით მონღოლ ბატხუაგ მუნგუნტაალს (2428).
შეგახსენებთ, რომ ფიდე ქალთა შორის გრან-პრის, რომელიც 6 ტურნირისაგან შედგება, პირველად ატარებს. მოჭადრაკეებს უფლება აქვთ 6-დან 4 ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, საიდანაც სამი საუკეთესო შედეგი შეჯამდება და ადგილები ამის მიხედვით განაწილდება.
აღსანიშნავია, რომ გრან-პრის გამარჯვებული პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულისთვის მატჩში თამაშის უფლებას მიიღებს, რომელშიც მისი მეტოქე წელსვე თურქეთში დაგეგმილი მსოფლიოს პირველობის მოწინავე იქნება.
გრან-პრის ტურნირებიდან ორი, თურქეთსა და ჩინეთში, უკვე ჩატარდა. ძაგნიძემ ჩინეთში იასპარეზა და პირველ ადგილზე გასული მასპინძელი იუჰუა ქსუს შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა, რისთვისაც 130 ქულა ერგო. ძაგნიძესთან ერთად, გრან-პრიში ჩართულია მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძეც, რომელმაც თურქეთში ჩატარებულ ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 6 ათასს მიიღებს, მთელი სერიის ჩემპიონი კი 15 ათასით დასაჩუქრდება.
ფიდე-ს გრან-პრის დარჩენილი სამი ტურნირის განრიგი ასე გამოიყურება: IV. 2010 წლის 23 ივნისი-6 ივლისი, ქ.ჯერმუკი (სომხეთი), V. 29 ივლისი-12 აგვისტო, ქ. ულან-ბატორი (მონღოლეთი) VI. 27 ოქტომბერი-9 ნოემბერი, ქ.სანტიაგო (ჩილე).
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. ნალჩიკი (რუსეთი). 25 აპრილი-8 მაისი
მეცხრე ტური
ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2490) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2479) 0.5:0.5
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2524) – ჩენ ჟუ (2476, ყატარი) 0.5:0.5
პია კრამლინგი (შვედეთი, 2523) – ბეტულ ჩემრე ილდიზი (თურქეთი, 2244) 1:0
ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2503) – ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2622) 0:1
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2570) – ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2385) 1:0
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2491) – ბატხუაგ მუნგუნტაალი (მონღოლეთი, 2428) 0:1
1. კოსინცევა – 7; 2. კრამლინგი – 6; 3. ჰოუ – 6; 4. ძაგნიძე – 5.5; 5. ჟუ – 5.5; 6. კონერუ – 5; 7. მრტჩიანი – 4; 8. ჟაო – 4; 9. მუნგუნტაალი – 4; 10. კოვანოვა – 3; 11. ილდიზი – 2.5; 12. დანიელიანი – 1.5;







