ჩინეთის ქალაქ ჰანგჟოუში მიმდინარე საჭადრაკო სუპერტურნირ - 1st Hangzhou Women Grand Master Chess Tournament-ზე ქართველმა ნანა ძაგნიძემ (რეიტინგი 2537) გუშინ მე-3 ყაიმი მიითვალა, დღეს კი – მე-3 მარცხი.
დღევანდელ, მე-7 ტურში, ძაგნიძე შავი ფიგურებით ჩენ ჟუს (ყატარი, 2485) ეთამაშებოდა, რომელსაც ქართველზე ნახევარი ქულით ნაკლები ჰქონდა, ახლა კი, პირიქით – ზუსტად ამდენივეთი მეტი აქვს.
შავი ფიგურებით შეძლო გამარჯვება ინდოელმა დრონავალი ჰარიკამ (2513), რომელმაც ტატიანა კოსინცევას (რუსეთი, 2557) აჯობა. დანარჩენი 3-ვე პარტია კი ყაიმით დასრულდა: ვენჯუნ ჟუ (ჩინეთი, 2515)-მარი სებაგი (საფრანგეთი, 2510) 0,5:0,5; ანა ზატონსკიხი (აშშ, 2522)-იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2575) 0,5:0,5; ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2470)-ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2560) 0,5:0,5.
სატურნირო მდგომარეობა: ვენჯუნ ჟუ – 5,5 ქულა; ნადეჟდა კოსინცევა, ჰარიკა – 4,5-4,5; სებაგი, ჟაო 3,5-3,5; ტატიანა კოსინცევა, ჩენ ჟუ, ჰოუ – 3-3; ძაგნიძე 2,5; ზატონსკიხი - 2.
ხვალ, მე-8 ტურში, ერთმანეთს შეხვდებიან: ძაგნიძე- ნადეჟდა კოსინცევა, ჰოუ-ჟაო, სებაგი-ზატონსკიხი, ჰარიკა-ვენჯუნ ჟუ, ჩენ ჟუ-ტატიანა კოსინცევა.
ჰანგჟოუს ტურნირი წრიული სისტემით, 9 ტურად მიმდინარეობს, გამარჯვებული კი 23 ივლისს გამოვლინდება. ჩემპიონი საპრიზო ფონდიდან 5 ათას დოლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი 4 ათასით დაჯილდოვდება, მესამეზე გასული კი – 2 ათასით.







