რუსეთის ქალაქ ნალჩიკში მიმდინარე ქალთა საჭადრაკო გრან-პრის ორი ტურის თავზე 1.5 ქულით ოთხი მონაწილე დაწინაურდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველ ადგილზე ქართველი ნანა ძაგნიძე (2479) დამკვიდრდა.
ტურნირის მეორე ტურში, ძაგნიძე, რომელიც რუსეთში პირად მწვრთნელ ზურაბ სტურუასთან ერთად იმყოფება, ისევ თეთრი ფიგურებით გაისარჯა და რუს ბაირა კოვანოვას (2385) საქმე უკვე 30-ე სვლაზე მოუთავა.
ნანას დარად, 1.5 ქულა მოუგროვდათ თურქ ბეტულ ჩემრე ილდიზს (2244), რუს ტატიანა კოსინცევასა (2524) და ყატარის სახელით მოთამაშე ჩენ ჟუს (2476). მე-3 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავებით გრან-პრიზე პირველი რეიტინგის მქონე ინდოელ ჰუმპი კონერუს (2622) ეთამაშება, რომელიც 1 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ფიდე ქალთა შორის გრან-პრის, რომელიც 6 ტურნირისაგან შედგება, პირველად ატარებს. მოჭადრაკეებს უფლება აქვთ 6-დან 4 ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, საიდანაც სამი საუკეთესო შედეგი შეჯამდება და ადგილები ამის მიხედვით განაწილდება.
აღსანიშნავია, რომ გრან-პრის გამარჯვებული პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულისთვის მატჩში თამაშის უფლებას მიიღებს, რომელშიც მისი მეტოქე წელსვე თურქეთში დაგეგმილი მსოფლიოს პირველობის მოწინავე იქნება.
გრან-პრის ტურნირებიდან ორი, თურქეთსა და ჩინეთში, უკვე ჩატარდა. ძაგნიძემ ჩინეთში იასპარეზა და პირველ ადგილზე გასული მასპინძელი იუჰუა ქსუს შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა, რისთვისაც 130 ქულა ერგო. ძაგნიძესთან ერთად, გრან-პრიში ჩართულია მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძეც, რომელმაც თურქეთში ჩატარებულ ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 6 ათასს მიიღებს, მთელი სერიის ჩემპიონი კი 15 ათასით დასაჩუქრდება.
ფიდე-ს გრან-პრის დარჩენილი სამი ტურნირის განრიგი ასე გამოიყურება: IV. 2010 წლის 23 ივნისი-6 ივლისი, ქ.ჯერმუკი (სომხეთი), V. 29 ივლისი-12 აგვისტო, ქ. ულან-ბატორი (მონღოლეთი) VI. 27 ოქტომბერი-9 ნოემბერი, ქ.სანტიაგო (ჩილე).
მეორე ტური
ჩენ ჟუ (2476, ყატარი) - ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2503) 1:0
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2570) – პია კრამლინგი (შვედეთი, 2523) 0.5:0.5
ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2490) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2524) 0.5:0.5
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2491) – ბეტულ ჩემრე ილდიზი (თურქეთი, 2244) 0.5:0.5
ბატხუაგ მუნგუნტაალი (მონღოლეთი, 2428) – ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2622) 1:0
1. ძაგნიძე – 1.5; 2. ილდიზი – 1.5; 3. კოსინცევა – 1.5; 4. ჟუ – 1.5; 5. კოვანოვა – 1; 6. კონერუ – 6; 7. კრამლინგი – 1; 8. მუნგუნტაალი – 1; 9. მკრტჩიანი – 0.5; 10. ჰოუ 0.5; 11. ჟაო – 0.5; 12. დანიელიანი – 0.5;







