ჭადრაკი

16:42 | 5.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე გრან-პრის სათავეში ჩაუდგა

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ ფიდე-ს გრან-პრის მე-4 ეტაპზე 11 ტურში 9 ქულის მოგროვება შეძლო და მე-2 ადგილზე გასულ ორგზის ევროპის ჩემპიონ რუს ტატიანა კოსინცევას 1.5 ქულით გაუსწრო. შედეგად, ნანამ 160 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და პრესტიჟულ ტურნირს სათავეში ჩაუდგა.
სომხეთის ქალაქ ჯერმუკში დასრულებულ ეტაპზე ძაგნიძე თავიდანვე დაწინაურდა და პირველობის ბოლომდე საკუთარ ლიდერობაში დაეჭვების საშუალება არავისთვის მიუცია.
გრან-პრის რვა ტურის თავზე ძაგნიძეს 7 მოგება და 1 ფრე ჰქონდა, ბოლო სამ პარტიაში კი ქართველმა მოჭადრაკემ აღარ გარისკა და ყაიმების გაფორმებით, საქმე ჩემპიონობამდე აუღელვებლად მიიყვანა.
ბოლო ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ჯერმუკში უმაღლესი რეიტინგის მქონე ჩინელ იიფან ჰოუს დაუპირისპირდა და ვინაიდან, ჩემპიონობისთვის ნახევარი ქულაც ხელს აძლევდა, მეტოქეს უკვე მე-13 სვლაზე დაუზავდა.
როგორც თავში აღვნიშნეთ, ნანამ წარმატებული ასპარეზობისთვის 160 ქულა მიიღო და ჯამური 390 ქულა მოაგროვა და რითაც, ოთხი ეტაპის – სტამბული (თურქეთი), ნანძინის (ჩინეთი), ნალჩიკის (რუსეთი), ჯერმუკი (სომხეთი) – შედეგებით, გრან-პრის სათავეში ჩაუდგა.

გასული ტურნირების თავზე მოწინავე ხუთეულის მდგომარეობა ასეთია: 1. ნანა ძაგნიძე – 390 ქულა (3 ტურნირის ჯამში); 2. იიფან ჰოუ – 320 ქულა (3); 3. ტატიანა კოსინცევა – 290 ქულა (2); 4. ქსიუ ჟაო – 250 (3); 5. პია კრამლინგი – 225 (3).
სამწუხაროდ, გასულ ტურნირზე არცთუ დამაჯერებლად იასპარეზა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც 11 პარტიაში მხოლოდ 4.5 ქულა მიითვალა და 12 მონაწილეს შორის მე-9 პოზიცია დაიკავა. ჩიბურდანიძეს 40 სარეიტინგო ქულა ერგო და ჯამური 85 ქულით, კვლავაც მოწინავე ათეულს მიღმა იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ფიდე-ს გრან-პრის ეტაპებში სულ 20 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეული მათგანი 6-დან 4 ტურნირში იასპარეზებს, სამი საუკეთესო შედეგი საერთო ჩათვლაში შევა, უძლიერესი კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.

 
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-4 ეტაპი. ჯერმუკი (სომხეთი). 23 ივნისი-6 ივლისი
ბოლო ტური
ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2366) – ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2477) 0.5:0.5
მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2363) – პია კრამლინგი (შვედეთი, 2536) 0:1
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2534) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2472) 0:1
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) 0:1
ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2478) – იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2589) 0.5:0.5
იანგ შენი (ჩინეთი, 2452) – იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) 0.5:0.5
 
საბოლოო მდგომარეობა
1. ძაგნიძე – 9.0;
2. კოსინცევა – 7.5; 3. მკრტჩიანი – 6.5; 4. სტეფანოვა – 6.5; 5. დანიელიანი – 6.5; 6. ჰოუ – 6.0; 7. კრამლინგი – 5.5; 8. შენი – 5.5; 9. ჩიბურდანიძე – 4.5; 10. იუჰუა – 4.0; 11. კოვანოვა – 3.0; 12. ფიერო ბაკერო – 1.5;
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.080898