ვარშავის “ლეგიას” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, ვლადიმერ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
- “ლეგიასთან” კონტრაქტი გააფორმეთ. კლუბის შეცვლის შემდეგ ამოისუნთქეთ?
- ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბში გადავედი. ამიერიდან, ლაზენკოვკას #3-ში მდებარე სტადიონი ჩემი ახალი სახლი იქნება. ორი ამოცანა მაქვს დასახული – პოლონეთის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაში. ცხოვრებაში ახალ ეტაპს ვიწყებ.
- გასულ წელს როგორ გაიხსენებდით?
- ჩემთვის ძალიან რთული წელი იყო. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. რომ მცოდნოდა, ასე მოხდებოდა, “პოლონიაში” არ გადავიდოდი. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ჩემთვის განსაკუთრებით წარმატებული შარშანდელი შემოდგომა იყო. ვიცოდი, რომ “ლეგია” ჩემი შეძენით დაინტერესებული იყო, რაც “პოლონიაში” კარგი თამაშით დავიმსახურე. მსურს, ახალ გუნდში შემოდგომის პერიოდი გავიმეორო.
- ამ კვირაში მასმედია იუწყებოდა, რომ პოზნანის “ლეხი” გეპატიჟებოდათ. ეს სიმართლე იყო?
- ეს საკითხი მართლაც განიხილებოდა, მაგრამ “ლეგიაში” გადასვლა გადავწყვიტე.
- ახალ გუნდში თქვენს ადგილს როგორ ხედავთ? შემოდგომაზე ლიუბოია, კოსეცკი და რადოვიჩი ძალიან კარგად თამაშობდნენ, თანაც საგანოვსკიც გამოჯანმრთელდა...
- აქ იმიტომ მოვედი, რომ მათზე უკეთესად ვითამაშო. ყველაფერი საფეხბურთო მოედანზე გამოჩნდება. ვიცი, რაც შემიძლია. მინდა, მწვრთნელი ჩემს შესაძლებლობებში დავარწმუნო, რათა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო.
- არსებობს ინფორმაცია, რომ “ლეგიაში” გადასვლის შანსი ადრეც გქონდათ...
- ზაფხულში “ლეგიასთან” მოლაპარაკებას ვმართავდი, მაგრამ რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები აღმოჩდა. ბოლოს და ბოლო, ამ კლუბში გადმოვედი, რაც ადვილი არ იყო.
- შემოდგომაზე დანიელ ლიუბოია ბომბარდირთა დავას ლიდერობდა. ახლა თამაში მასთან ერთად მოგიწევთ...
- დანიელთან ერთად მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველი. მჯერა, რომ ერთად “ლეგიასთვის” ბევრ გოლს გავიტანთ.
- შემოდგომაზე “ლეგიას” თამაშს როგორ შეაფასებთ?
- უბრალოდ, საუკეთესო იყო. პირველ ადგილზე სრულიად დამსახურებულად იმყოფება. მეორე მხრივ, უფრო მეტი გვინდა. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ჩემპიონობა, არამედ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაც.
- “ლეგიაში” გადასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში უფრო ხშირად მიგიწვევენ?
- პოლონეთში რომ ჩამოვედი, ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად ვთამაშობდი. პრობლემა მხოლოდ გასული წლის შემოდგომაზე შემექმნა. “პოლონიას” ირგვლივ არსებული გაურკვევლობის გამო, გუნდთან ერთად არ ვვარჯიშობდი. ამიტომ, სექტემბერსა და ოქტომბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გამოვტოვე. უბრალოდ, მოუმზადებელი ვიყავი და მწვრთნელმაც ჩემი გამოძახება საჭიროდ არ ჩათვალა.
- ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი “პოლონიაში” დაიწყეთ. რამდენიმე დღის წინ, შეკრებაზე მყოფი გუნდი მიატოვეთ. ეს, გაზაფხულზე თქვენს მომზადებაზე არ აისახება?
- მომზადება ერთი კვირის დაგვიანებით დავიწყე. თურქეთში შეკრებაზე გუნდთან ერთად ჩვეულებრივ რეჟიმში ვვარჯიშობდი. ანთალიიდან წამოსვლის მერე, ინდივიდუალურად ვემზადებოდი. ერთი კვირა მჭირდება, რათა სათანადო ფორმაში ჩავდგე.
- რამდენიმე კვირის შემდეგ, ვარშავულ დერბიში “ლეგია” “პოლონიას” შეხვდება. ფანებისგან როგორ დახვედრას ელით?
- ამის შესახებ არ ვფიქრობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ “ლეგიამ” მოიგოს. რის უნდა მეშინოდეს? ამჟამად ვარშავის სხვა გუნდში ვთამაშობ და გამარჯვება მსურს. “პოლონიაში” ჩემი თავგადასავალი დასრულდა.
- თავს ყველაზე უკეთ რომელ პოზიციაზე გრზნობთ? “პოლონიაში” თავდაპირველად ფრთაზე თამაშობდით, ხოლო შემდეგ თავდამსხმელად დაგაყენეს.
- მთელი კარიერის განმავლობაში თავდამსხმელად ვთამაშობდი. ნახევარმცველი არასოდეს ვყოფილვარ და მხოლოდ “პოლონიაში” გადასვლის შემდეგ, ვიღაცას დაებადა იდეა, რომ ფლანგზე მეთამაშა. რა თქმა უნდა, თანაგუნდელების დასახმარებლად ფლანგზე თამაშიც შემიძლია. მიუხედავად ამისა, თავს შეტევაში უკეთ ვგრძნობ.
- დღეს ირენეუშ კროლთან თქვენი ხანგრძლივი თავგადასავალი დასრულდა. “პოლონიას” მეპატრონეს როგორ დაშორდით?
- მან რამდენიმეჯერ პრესასთან საუბარში პირობა დადო, რომელიც მოგვიანებით არ შეასრულა. საბოლოოდ, კარგად დავშორდით. ფული გადავიხადე და “ლეგიაში” გადასვლის უფლება მომცეს. ყველაფერი კარგად დასრულდა. თუ კიდევ შევხვდებით, ცხადია, ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ. თუმცა, მომავალში მასთან საქმის დაჭერას არ ვაპირებ. ჩვენს შორის არავითარი კონფლიქტი არ არის. ზოგჯერ მასზე გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ბედნიერი დასასრულია.