ფეხბურთი

12:24 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინი: “თბილისური მარცხი დავიწყებულია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბუქარესტის “სტიაუასთან” სტუმრად მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ჩეხმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ საშინაო მარცხი დავიწყებულია. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.

დუშან უჰრინი: “მოგესალმებით ყველას. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ძალიან რთული დაპირისპირების მოლოდინში ვართ. თამაში ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს. პირველი შეხვედრა შინ 0:2 წავაგეთ. რამდენიმე ფეხბურთელს ორი ყვითელი ბარათი აქვს. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ გადამიწყვეტია, ლევან ხმალაძეს და ელგუჯა გრიგალაშვილს ვათამაშებ თუ არა. ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება სასტარტო თერთმეტეული. ამას მატჩის წინ გადავწყვეტ. მართალია, თბილისურ მატჩში პენალტის გატანა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისური მარცხი დავიწყებულია და გუნდი მომავალი დაპირისპირებისთვის მზადაა. თუ პირველ შეხვედრამდე შანსები თანაბარი იყო, ამჯერად უპირატესობა “სტიაუას” მხარესაა. ვხვდებით, რომ ძნელი იქნება, თუმცა აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულნი. შეხვედრის პირველივე წუთებიდან თამაშს ნამდვილად არ გავხსნით”.

“სტიაუას” თავკაცმა ლაურენციო რეგეკამპფმა აღნიშნა, რომ ბუქარესტში უფრო რთულ თამაშს ელის, ვიდრე მისმა შეგირდებმა თბილისში ჩაატარეს:

“ჩვენთვის მომავალი შეხვედრა გაცილებით რთული იქნება, ვიდრე თბილისში ჩატარებული მატჩი, ვინაიდან “დინამოს” არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მეტოქეთათვის საკმაოდ სახიფათო და საშიში გუნდია. “დინამოში” ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. მართალია, პირველი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით (2:0) დასრულდა, მაგრამ ამ შედეგისთვის მთლიანად დახარჯვა მოგვიწია”.

“სტიაუა” - “დინამოს” დაპირისპირება თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება და მას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” პირდაპირი ეთერით გადასცემს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109258