ფეხბურთი

2:05 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინი: “პირველი 3 გოლი ინდივიდუალური შეცდომების გამო გავუშვით”

ვილაშ-ბოაში: “ჩვენ მომენტების უმეტესობა გამოვიყენეთ, “დინამომ” – ვერა”


თბილისის “დინამომ” 0:5 წააგო ლონდონის “ტოტენჰემთან”, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია კი საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და დუშან უჰრინს არცთუ სასიამოვნო კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.

ანდრე ვილაშ-ბოაში: - მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ საგოლე მომენტების უმეტესობა გამოვიყენეთ. შანსები “დინამოსაც” ჰქონდა, თუმცა რეალიზება ვერ შესძლო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით ვიმარჯვეთ, ლონდონშიც მოსაგებად ვიბრძოლებთ. ამიტომ, ძლიერ შემადგენლობას დავაყენებ. 

-          “დინამოდან” რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევთ?

-          ჩისკო რომ გუნდის გამორჩეული ფეხბურთელია, აქამდეც ვიცოდი, თუმცა მან ტრავმა მიიღო და ბევრი არ უთამაშია. მომეწონა მერებაშვილი. ვფიქრობ, “დინამოს” რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია მომატება და საზღვარგარეთულ კლუბში თავის გამოჩენა ისევე, როგორც ეს კალაძემ და სხვა ქართველებმა მოახერხეს. “დინამოში” უფრო მეტად მომეწონა ის, რომ 5-ბურთიანი სხვაობის მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ.

-          აქვე გვითხარით, გარეთ ბეილის “რეალში” გადასვლა, გადაწყდა თუ არა?

-          ახლა ვერ ვილაპარაკებ ამ თემაზე. ისე კი, გადაწყვეტილი არაა.

-          ფაბიო კოენტრაოსა და ვილიანის შესაძლო შეძენაზე რას იტყვით?

-          ამ საკითხზე საუბრისგანაც შევიკავებ თავს. ჯერ გადაწყვეტილი არაა.

-          ახალგაზრდა თაუნსენდმა დღეს გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა...

-          ნამდვილად კარგად ითამაშა და პერსპექტიული ახალგაზრდაა. კარგია, რომ გუნდში კონკურენციაა. თაუნსენდისგანაც ბევრს ველით.

-          თბილისი მოგეწონათ? რამდენად კმაყოფილი დარჩით მასპინძლობით?

-          სამწუხაროდ, ქალაქი კარგად ვერ დავათვალიერეთ. ქართველებმა კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს და ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ასევე, კარგი იყო სტადიონი და მინდვრის საფარიც.

დუშან უჰრინი: - რთული მატჩი გამოდგა. პირველი 3 გოლი ინდივიდუალური შეცდომების გამო გავუშვით. სხვა მხრივ, ყველამ ნახა, რომ გუნდი იბრძოდა, ცდილობდა.

-          გუშინ თქვენ თქვით, რომ გულშემატკივრობა და სავსე სტადიონი იქნებოდა კოზირი. რეალურად, გვქონდა რაიმე კოზირი?

-          ჩვენს ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში უწევთ თამაში, “ტოტენჰემი” კი სხვა დონის გუნდია. ძნელია. მაგალითად, გუშინ “ფენერბახჩემ” ლონდონის “არსენალთან” ძალიან მოინდომა, მაგრამ 0:3 წააგო. მოტივაცია არცერთ ჩვენს მოთამაშეს არ აკლდა. ვიცი, რომ 0:5 ძალიან ცუდი ანგარიშია, მაგრამ რას მოელით – რომ 5 ფეხბურთელს გავუშვებ გუნდიდან? ერთადერთი პოზიტიური, რაც მოხდა, ჩვენი ფეხბურთელები ასეთ მეტოქესთან თამაშით კლასს აიმაღლებენ. 

-          დღევანდელი გადასახედიდან, თუ მიიჩნევთ, რომ სელექციაში შეცდომები გქონდათ? და რამდენად მოახერხეთ იმ ფეხბურთელების მოყვანა, რომლებიც გსურდათ?

-          ხშირად ისე ხდება, რომ, ან ფეხბურთელს არ სურს გადმოსვლა, ან ფინანსები არ გვყოფნის. გავითვალისწინოთ, რომ დღეს, “ტოტენჰემის” მეკარემ 3 რთული ბურთი მოიგერია. იყო გამართლების მომენტიც.

-          ლეგიონერებმა რამდენად გაამართლეს მთელი ამ ევროტურნირების განმავლობაში?

-          არაკორექტულად მიმაჩნია კონკრეტული ფეხბურთელების ბრალეულობაზე საუბარი. კიდევ ვიმეორებ, ხშირად, ფეხბურთელის შესაძენად ფინანსები არ გვყოფნის. თუმცა, ბევრი დამეთანხმება, რომ ხურცილავა დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ხოლო ყველაზე ცუდად ვინ ითამაშა, ამის თქმა არასწორად მიმაჩნია.

-          გლიშიჩმა ბევრი შეცდომა დაუშვა და პირველი ორი გოლი, დიდწილად, მის შეცდომას მოჰყვა. რას იტყვით?

-          ამაზე ერთი პასუხი მაქვს: მიზეზი არასაკმარისი გამოცდილებაა.

-          თქვენ “სტიაუასთან” მატჩის შემდეგ თქვით, ტრანსფერები ჩემს კომპეტენციაში არ შედისო.

-          კლუბის მფლობელი, სპორტული დირექტორი და მე, ამ მხრივ ერთ გუნდს წარმოვადგენთ. ერთად ვწყვეტთ, რა როგორ იქნება საჭირო.

-          “დინამოს” მიზანი - ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. ეს ვერ შესრულდა...

-          ჩემს მომავალს რაც შეეხება, ეს კლუბის მფლობელს უნდა ჰკითხოთ. მე კიდევ 1 წლით მაქვს “დინამოსთან” კონტრაქტი და ჯერჯერობით, მუშაობას ვაგრძელებ.

-          ჩისკოს ტრავმა რამდენად სერიოზულია?

-          ხვალ ჩაუტარებენ გამოკვლევას. ახლა ზუსტად ვერაფერს გეტყვით...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113158