სტატიები

18:14 | 24.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

დროში ამონაკრები - წერილი მეორე

(ნოდარ ახალკაცი)

 

თბილისი 1981 წლის 13 მაისის მზიან ღამეს ეგებებოდა - ხალხით გადაზიმზიმებული აეროპორტი დიუსელდორფის მატჩის გმირებს უდიდესი სიხარულით დაუხვდა. საყოველთაო სიხარულს მხოლოდ ერთი კაცი, ნოდარ ახალკაცი არ იზიარებდა და როგორღაც მოწყენილიც კი იყურებოდა შეკრებილი ხალხის საწინააღმდეგო მხარეს.
როცა მას მოწყენის მიზეზი ჰკითხეს, მხრების აჩეჩვით უპასუხა - მომავალ მატჩებზე ვფიქრობ, ჯერ „ჩერნომორეცს“, მერე კიევის „დინამოს“ უნდა შევხვდეთ...
ჰქონოდა კიდეც მოწყენისა და უხალისობის მიზეზი: ის შეხვედრები ჩვენებმა წარუმატებლად ჩაატარეს - ოდესელებთან 1:1, კიეველებთან 0:1...
დაახლოებით ამაზე ჰკითხეს, თუ ყოფილა, წინასწარ გამოგიცნიათ მეტოქის ჩანაფიქრი ან ხაფანგი თუ დაგიგიათო...
„იტალიურ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ მეტოქის დასაზვერად გავემგზავრე და ბუნებრივია, იტალიელმა ჟურნალისტებმა ყიფიანის შესახებ მკითხეს. მათი ინტერესი გასაგები იყო: წინა წელს „ინტერთან“ დაპირისპირებისას ყიფიანი დიდებულად გამოიყურებოდა.
ამან გარკვეული გადაადგილების იდეა მომცა. მიუხედავად იმისა, რომ დათოს მცირე ტრავმა აწუხებდა, შემადგენლობაში მისი დაყენება მაშინვე გადავწყვიტე, ეგ არის, წინ გადავწიე და იმ ადგილას თამაში დავავალე, სადაც „ნაპოლის“ ლიბერო იდგებოდა.
იტალიელები ფიქრობდნენ, რომ ყიფიანი მინდვრის სიღრმიდან შეუტევდა და რაკი მათი მოლოდინი არ გამართლდა, აირივნენ. დაიბნა ლიბერო, ცეცხლზე ნავთი მათი მწვრთნელის ემოციამ დაასხა, მინდვრის კიდიდან რომ უყვიროდა მოთამაშეებს, გადაეწყვეთ, გამოფხიზლდითო... სანამ ეს მოხდა, ყიფიანმა ერთი გოლი თავად გაიტანა და მეორის შექმნაშიც მთავარი როლი შეასრულა...“
როცა ფსიქოლოგიაზე ჰკითხეს...
„რა თქმა უნდა, მწვრთნელი ფსიქოლოგიაში უნდა ერკვეოდეს. მეტიც, მან უწვრილეს ნიუანსებამდე უნდა გათვალოს პროცესი. საქმე გუნდთან აქვს, მაგრამ ეს გუნდი ხომ ყველაზე კაშკაშა ინდივიდებისაგან შედგება, მინიმუმ, რამდენიმე ლიდერისაგან და ისინი მეტისმეტად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
მე იმ ფეხბურთელის გვარ-სახელს არ დავასახელებ, მაგრამ მაგალითი თვალსაჩინოდ გიჩვენებთ, თუ როგორი „ფსიქოლოგიური კრახი“ განვიცადე და თან პროზაულ, საყოფაცხოვრებო დონეზე.
იგი ხშირად წუწუნებდა მენიუსთან მიმართებაში და ეს ორიოდ წინადადებაში გამოიხატებოდა: „რა არის ეს.. სულ ხორცი და ხორცი, ხომ შეიძლება, ერთხელ თევზიც გვაჭამონ?“
მზარეულს ჩუმად ვუთხარი, რომ მისთვის ხორცი თევზით შეეცვალა და აი, აქ შევცდი: „ეს რა არის? ყველას ხორცი და მე თევზი?“ - მოისმა მორიგი საყვედური. პიროვნება გუნდიდან გამოვყავი - ეს შეცდომა იყო და საყვედურიც ალალად მეკუთვნოდა.
იმპროვიზაციაზე, ინდივიდუალიზმზე:
„ხანდახან მოთამაშე თავისდა უნებურად გრძნობს, რომ სწორედ იმ, კონკრეტულ წამში უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება და რაღაც ძალის გავლენით, დროის უმცირეს მონაკვეთში იყენებს არალოგიკურ გაგრძელებას - ასე, თითქოს გარეშე ძალის კარნახით, გაუაზრებლად იქმნება საფეხბურთო შედევრი.
სხვაგვარად ამას იმპროვიზაცია ჰქვია და ასე მოიქცა ვიტალი დიუსელდორფის ფინალის ბოლოს, როცა გოლი გაიტანა.
აბა, წარმოიდგინეთ - ბურთით დარასელიაა, მის წინ ორი მცველი დგას, მათ აზღვევთ მესამე და კარში კი მეკარეა, რომელსაც არაფერი უშლის ხელს, სწორი პოზიცია დაიკავოს. დღემდე მჯერა, რომ იმ მომენტში ვიტალიზე უხილავი ძალა გადმოვიდა, რომელმაც ის საქციელი უკარნახა და შექმნა წარმოუდგენელი, წინასწარ „დაუგეგმავი“ გოლი...
მე ყოველთვის ვცდილობ, შევამჩნიო და შევაფასო ასეთი მომენტი. ამასთან, მეშინია, ხელი შევუშალო ფეხბურთელს შენიშვნებით. როცა რამე მომწონს, აუცილებლად ვიმახსოვრებ და ვარჯიშისას ვამეორებინებ იგივეს. თანაც, ვცდილობ, დავეხმარო მოთამაშეს გაკეთებულის ათავისებაში. და მერე, როცა ოფიციალურ შეხვედრაში ვხედავ მორიგ იმპროვიზაციას, უბრალოდ, ბედნიერი ვარ...“
სხვათა შორის, ვარჯიშისას ხშირად ხდებოდა: ნოდარ ახალკაცი მეცადინეობას შეწყვეტდა, ფეხბურთელებს ეუბნებოდა, აბა, აჩვენეთ, ვის რა შეგიძლიათო და იწყებოდა ფინტებისა და ოსტატობის ფოიერვერკი - უმეტესად ორი ბურთით...
საკუთარ თავზე:
„ფეხბურთელობა ძალიან გვიან დავიწყე - თექვსმეტი წლისამ. მარტოხელა დედას ვეხმარებოდი - ცამეტი წლიდან და ვერ მოვიცალე. გარდა ამისა, ხშირად ვიღებდი ტრავმას და შესაბამისად, არასაკმარის დროს ვატარებდი მინდორზე.
ამის გამო თუა, მთელი ცხოვრება თან დამყვება უკმარისობის გრძნობა.
ფეხბურთის გარდა, თეატრი მიყვარს. ჩემი მეგობარი რობერტ სტურუა ხშირად მპატიჟებს რეპეტიციაზე - მოვეწყობი სადმე კუთხეში და ვუსმენ, ვუცქერ. საჭიროა ტექსტის კარგად ცოდნა, სხვაგვარად, ვერ შეიგრძნობ, რა ხდება. საინტერესოა, როგორ დეტალებზე ამახვილებს რეჟისორი ყურადღებას, როგორ ფსიქოლოგიურ ამოცანებს უსახავს დასს და როგორ აღწევს თავისას.
რაღაცნაირად ფეხბურთშიც ასეა: ფეხბურთელებიც მსახიობები არიან, რომლებიც თავიანთ სცენაზე - მინდორში ქმნიან როლებს. მე დიდხანს მამახსოვრდება მათი თვალები, მიმიკა, საქციელი და კიდევ: ორივეგან, თეატრშიც და ფეხბურთშიც, ფარდა დაეშვება თუ არა, წარმოდგენა ქრება. სხვა სამყაროში რჩები.“
მწვრთნელობაზე:
„ასეა: აგებს გუნდი, აგებს მწვრთნელი! ყოველთვის! თუკი გაფუჭდება ურთიერთობა მწვრთნელსა და რომელიმე სახელოვან ფეხბურთელს შორის, როგორც წესი, მწვრთნელს უხდება წასვლა. ეს მტკივნეულია... და მიუხედავად ამისა, მე მომხრე ვარ, რომ გუნდში ვარსკვლავები იყვნენ. მხოლოდ მათ მოაქვთ განსაკუთრებული სიხარული მაყურებლისათვის და სარგებელი ფეხბურთისათვის.
სტილზე:
„მე არ ვყოფ ფეხბურთს შემტევ და დაცვით სანახაობად. ფეხბურთი იმისია, გუნდი უტევდეს კიდეც და თავსაც იცავდეს. კი, არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც ბურთს მეტოქეს მიუგორებენ და ელოდებიან, როდის გაუმართლებთ, როდის გაუტანენ შეტევით გართულ მოწინააღმდეგეს გოლს. ჩემის აზრით, ეს ფეხბურთი არ არის.
ჩვენი მეტოქეები, როგორც წესი, „დინამოსთან“ თამაშისას, მსხვერპლად სწირავენ სანახაობრივ თამაშს და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ასე მოიქცა „კარლ ცაისი“. ხისტი პერსონალური დაცვით აპირებდნენ, ეჯობნათ. ყიფიანს კრაუზე „აეწება“, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ბოლომდე ვერ გაძლებდა - როცა ფეხბურთელი მხოლოდ იმისთვის დარბის, მეტოქეს ხელი შეუშალოს და თავად შეგნებულად არაფერს ქმნის, ვერ გაძლებს... ეს ფსიქოლოგიურად ანგრევს...
და მაინც, ყველაზე რთული მატჩი როტერდამში გვქონდა, „ფეიენოორდთან“. სამი გოლი გავიტანეთ, მსაჯმა არცერთი არ ჩათვალა და ყოველი ჩაუთვლელი ბურთის შემდეგ არათუ განწობა ეცემოდა, თითოეული ჩვენგანი შიგნიდან ცარიელდებოდა. მაინც გავძელით - იფიქრეს ჰოლანდიელებმა, მსაჯი ჩვენკენაა და საქმე მორჩენილიაო, მაგრამ გაძლო გუნდმა.“
ზოგადად:
„დიდ პატივს ვცემ მძლეოსნებს. ვიქტორ სანეევი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ერთხელაც ვერცხლი აიღო. რამდენი წელიწადია დარბის - თანაც უბურთოთ. უდიდესი პატივისცემის ღირსია!“
პრიორიტეტი?
„სამხრეთ ამერიკისაკენ ვიყურებით, თუმცა ვცდილობთ, სინთეზირება მოვახდინოთ - სამხრეთამერიკული და ევროპული სტილისა. გარდა ამისა, ათლეტური მომზადებაც უმნიშვნელოვანესია. ვუყურებ სხვა სახეობებს - ჰოლეოს, რაგბს, კალათბურთს - მათთვის დამახასიათებელ კომბინაციებს ვიყენებ.“
დაბოლოს, მწვრთნელობაზე:
„ამაზე ყველაზე კარგად ჰემინგუეიმ თქვა. ბუნებრივია, მას მწერლობა ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ზოგადად, არსი არ იცვლება: პირველ რიგში, საჭიროა, ტალანტი, დიდი ტალანტი. მერე - თვითდისციპლინა. ფლობერისეული თვითდისციპლინა. გარდა ამისა, უნდა გქონდეს წარმოდგენა, რა გამოვა საქმიდან. და საჭიროა სინდისი - სინდისი აბსოლუტური, ისეთი, როგორიც მეტრ-ეტალონია პარიზში... საკუთარ თავში უამრავ ნაკლს ვხედავ, მაგრამ მათზე საუბარი არ მეხალისება. არადა, საჭიროა. ფიცხი ვარ და სპორტსმენებთან დამოკიდებულებაში, ვამლაშებ ხოლმე. არ მიყვარს, როცა აგვიანებენ, როცა უგულოდ ვარჯიშობენ... ასეთებს ვარჯიშიდენ „გავისვრი“ ხოლმე.
და კიდევ - ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო უსარგებლო საუბრებს - ეს ნაკლი კი არა, ჩემი პრინციპია“.

 

კონსტანტინე გოგიშვილი

0.187421