ესპანურ მარბელიაში წლის პირველი მატჩი ჩაატარა "დნიპრომ" და აზერბაიჯანულ "ბაკის" 0:0 ეთამაშა. სანდრო კობახიძემ და უჩა ლობჟანიძემ პირველი ტაიმი გაატარეს მინდორზე, ჯაბა კანკავა კი მეორე ნახევარში შეიყვანეს. მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს: მე-16 წუთზე ლობჟანიძემ კარგი პასით გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე კობახიძე, თუმცა სანდროს მეკარემ აუღო.
აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" გერმანული "ვოლფსბურგის" სარეზერვო გუნდთან 1:5 წააგო. ხუბუტია შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე. ლადო დვალიშვილის "ლეგიამ" რუსეთის "ტომთან" 1:3 წააგო. ლადომ პირველ ტაიმში ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
ალეკო ამისულაშვილის "კრილია" კი ყარაგანდის "შახტიორს" ფრეზე გაეყარა – 1:1. ამისულაშვილი სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს, როცა ანგარიში 0:0 იყო.