სადიდსლემო ტურნირების ექვსგზის ტრიუმფატორი ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ 21-ედ გავიდა ამ შეჯიბრებების მეოთხედფინალში და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერს (36) და ჯიმი კონორს (27) ჩამორჩება. ნახევარფინალში გასასვლელად “ნოლე” ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება. ამ უკანასკნელმა მერვედფინალში ფრანგ ჟერემი შარდის მოუგო და პირველად გააღწია უიმბლდონის მეოთხედფინალში.
მერვედფინალში 27 წლის ჯოკოვიჩმა აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:3, 6:4, 7:6 საათსა და 52 წუთში სძლია. ნოვაკის ანგარიშზე 2 ბრეიკი და 14 ეისია, 29 წლის ცონგასთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 15:5 გახდა ბალკანელის სასარგებლოდ. “მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდი და ის ხელიდან არც მესამე სეტის მსვლელობისას გამიშვია”, - მოკლედ შეაჯამა საკუთარი გამოსვლა ბალკანელმა.
მეოთხედფინალშია უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ენდი მარეიც. შოტლანდიელმა მერვედფინალში 2 საათსა და 9 წუთში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს 6:4, 6:3, 7:6 მოუგო, ნამატჩევს კი შემდეგი განაცხადა: “შარშანდელი გამარჯვების შემდეგ ფსიქოლოგიურად გავთავისუფლდი. ცხადია, ამჯერადაც ვნერვიულობ, მაგრამ დაძაბულობამ აშკარად იკლო”. მეოთხედფინალში მარეი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება.