ჭადრაკი

0:05 | 24.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას ვენესუელელი ელის

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს 2009 წლის თასის მე-2 რაუნდში ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2696) ვენესუელელ ედუარდო იტურიზაგას (2605) დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში 25-ე ნომრად განთესილმა ჯობავამ 15 წლის ამერიკელი რეი რობსონი (2567, 104-ე) 1.5:0.5 დაამარცხა, იტურიზაგას კი ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე სერგეი ტივიაკოვთან (2664) გაცილებით დიდი ბრძოლა გადახდა.
ვენესუელელმა და ჰოლანდიელმა ძირითადი პარტიები ყაიმით დაასრულეს, ტაი-ბრეიკებში კი, თავდაპირველად, მოგებები გაცვალეს, შემდეგ კი ფრის კვალად, იტურიზაგამ იმარჯვა და ჯამში 3.5:2.5 მოიგო.
საინტერესოა, რომ სამხრეთ ამერიკელი მსოფლიოს თასზე 89-ე ნომრით ირჯება, მაშინ, როდესაც ტივიაკოვი რეიტინგით მე-40 იყო.
ჯობავა და იტურიზაგა 24-25 ნოემბერს თითო პარტიას ითამაშებენ, საჭიროების შემთხვევაში კი, 26-ში ტაი-ბრეიკის დროც მოვა.
აღსანიშნავია, რომ პირველი რაუნდის შემდეგ ტურნირს რამდენიმე სახელოვანი მოჭადრაკე გამოეთიშა. ხანტი-მანსიისკიდან ნაადრევად აბარგება სომეხ გაბრიელ სარგისიანს (2676, 34-ე განთესვა), ებრაელ ემილ სუტოვსკის (2666, 38-ე), უკრაინელ ვლადიმირ ბაკლანს (2655, 44-ე) და რუს ბორის გრაჩოვს (2652, 49-ე) მოუწევთ.
დასასრულ, აშშ-ს სახელით მოასპარეზე ვარუჟან აკობიანისა (2624, 71-ე) და რუსი პაველ ტრეგუბოვის (2642, 58) ეპიკურ დაპირისპირებაზეც ვთქვათ, რომელშიც მეტოქეებს გამარჯვებულის გამოსავლენად 16 (!) პარტიის ჩატარება მოუხდათ. საბოლოოდ, აკობიანმა 9:7 მოიგო და მე-2 რაუნდში მე-7 ნომრად განთესილ უკრაინელ რუსლან პონომარიოვს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173231