ჭადრაკი

23:49 | 31.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას ვეღარ აჩერებენ

ბაადურ ჯობავა ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. ქართველმა მოჭადრაკემ, რომელსაც ევროპის მე-12 ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მე-8 რეიტინგი (2707) გააჩნია, ბოლო ექვს ტურში 5.5 ქულა აიღო და ლიდერთა შორის გაერია.
ცხრა ტურის თავზე, 12 მოჭადრაკე გახლავთ დაწინაურებული, რომელთა აქტივშიც 7.0-7.0 ქულაა. ბაადურიც მათ შორის იმყოფება. დღეს, ქართველმა შავი ფიგურებით შანსი საფრანგეთის სახელით მოთამაშე ტიგრან გარამიანს (2650) არ დაუტოვა და უკვე 26-ე სვლაზე დაამარცხა.
ჯობავა დამატებითი მაჩვენებლებით მე-12 ადგილზე იმყოფება, მის წინ კი ვალეხო (ესპანეთი, 2707), პოტკინი (რუსეთი, 2653), რაგერი (ავსტრია, 2614), იორდანესკუ (რუმინეთი, 2626), მამედოვი (აზერბაიჯანი, 2667), ჟიგალკო (ბელორუსი, 2680), პარლიგრაში (რუმინეთი, 2598), ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2711), ხაირულინი (რუსეთი, 2634), პოლგარი (უნგრეთი, 2686) და ვიტიუგოვი (რუსეთი, 2720) არიან.
მე-10 ტურში, ექვს წყვილში ერთმანეთს სწორედ ლიდერები დაუპირისპირდებიან. ერთ-ერთი ცენტრალური ჯობავასა და რუსი ვლადიმირ პოტკინის პარტიაა, რომელშიც თეთრი ფიგურებით ქართველი ითამაშებს.
საფრანგეთის ქალაქ ექს ლე ბენში მიმდინარე ევროპირველობაზე მოასპარეზე ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 71. ლევან ფანცულაია (2595) – 5.5; 84. თორნიკე სანიკიძე (2542) – 5.5; 137. დავით ლობჟანიძე (2489) – 5.0; 142. ლელა ჯავახიშვილი (2437) – 5.0; 169. ლუკა პაიჭაძე (2487) – 5.0; 216. სალომე მელია (2462) – 4.5; 244. დავით ზარქუა (2397) – 4.0;
ევროპის ჩემპიონატი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და ორ აპრილს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული ოც ათას ევროს მიიღებს, სულ კი, ფულადი პრიზებით 25 მოწინავე მოჭადრაკე დაჯილდოვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09605