ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა სომხეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის – “სევანის ტბა-2011”-ის გამარჯვებული გახდა. ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ქართველი მოჭადრაკე ერთპიროვნული ლიდერი იყო და უახლოეს მდევრებს 0,5 ქულით უსწრებდა. ბოლო ტურში ის თეთრი ფიგურებით სომეხ მოჭადრაკეს, 3,5-ქულიან ავეტიკ გრიგორიანს ხვდებოდა და 53-ე სვლაზე პარტიის ყაიმით დასრულების შედეგად, 5,5 ქულა დააგროვა.
ჯობავას მდევართაგან, მე-9 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჰრანტ მელქუმიანი (სომხეთი) და სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი). პარტია თეთრებით მოთამაშე მელქუმიანის სასარგებლოდ დასრულდა და ის ქულებით ჯობავას გაუთანაბრდა.
მათი დაწევის შანსი ჰქონდა ჩინელ ჟიანჩაო ჟუსაც, მაგრამ მან სომეხ ზავენ ანდრიასიანთან თეთრების უპირატესობა ვერ გამოიყენა და მხოლოდ ყაიმს დასჯერდა.
ასე რომ, 5,5 ქულა მხოლოდ ორ მოჭადრაკეს – ჯობავას და მელქუმიანს დაუგროვდათ, თუმცა, უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები ქართველ მოჭადრაკეს აღმოაჩნდა და შესაბამისად, გამარჯვებულიც ის გახდა.







