ფიდე-ს მიერ განახლებულ საჭადრაკო რეიტინგში საქართველოს ვაჟთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ 21-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისი კარიერის სარეკორდო მაჩვენებელია. ჯობავას რეიტინგი 2730-ია და მას ოცეულის ბოლოში მყოფ მოლდოველ ვიქტორ ბოლოგანთან ორადორი ქულაღა აშორებს.
კლასიფიკაციის სათავეში კვლავინდებურად ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2837) იმყოფება, მეორე კი სომეხი ლევონ არონიანია (2816), რომელიც ერთადერთია, ვისაც სკანდინავიელის გარდა, 2800-ზე მეტი რეიტინგი გააჩნია. აქვე ვთქვათ, რომ მოწინავე ასეულში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი იმყოფება. მიხეილ მჭედლიშვილი (2656) ზუსტად მე-100 საფეხურზეა.
გაცილებით უკეთ გვაქვს საქმე ქალთა რეიტინგში, სადაც პირველ ასეულში ერთბაშად 12 ქართველი მოჭადრაკეა. მათგან საუკეთესო მაჩვენებელი – მე-6 ადგილი საქართველოს ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2547) გააჩნია, ოცეულში ბელა ხოტენაშვილიც (2505) იმყოფება, დანარჩენთა მდგომარეობა კი ასეთია:
31. ნინო ხურციძე (2456); 37. ლელა ჯავახიშვილი (2449); 45. ნინო ბაციაშვილი (2434); 63. სალომე მელია (2403); 66. სოფიკო გურამიშვილი (2400); 71. სოფიკო ხუხაშვილი (2391); 81. თამარ წერეთელი (2383); 82. ნაზი პაიკიძე (2381); 83. მერი არაბიძე (2379); 100-102. მაია ლომინეიშვილი (2360).
ქალების რეიტინგის სათავეში უკვე 54-ედ ლეგენდარული უნგრელი იუდიტ პოლგარი იმყოფება, მას და ძაგნიძეს შორის კი ჩინელი იიფან ჰოუ (2617), სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2606), ინდოელი ჰამპი კონერუ (2598) და ჩინელი ქსუე ჟაოც (2556) იმყოფებიან.
20-წლამდე ვაჟთა კლასიფიკაციაში, რომელსაც სოლიდური უპირატესობით იტალიელი ფაბიო კარუანა (2775) ლიდერობს, წარმომადგენელი არ გვყავს, გოგონებში კი ნაზი პაიკიძე (2381) და მერი არაბიძე (2379), შესაბამისად, მეხუთე-მეექვსე ადგილებზე იმყოფებიან. გოგონებში უკონკურენტოა ხსენებული ჰოუ, რომელიც უკვე 24-ე რეიტინგია, პირველობას არავის უთმობს.







