რაგბი

18:13 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჯიქები” თბილისი

ორი წლის წინ, თბილისის “ილიაუნი ჯიქები” საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რომ გამოჩნდა, ქართული რაგბის გულშემატკივრების პატივისცემა მალევე დაიმსახურა, რადგან ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოდა და სახელგანთქმულ მოწინააღმდეგეებთანაც კი არაფერს თმობდა.

შარშან უკვე “ჯიქების” სახელით მოთამაშე გუნდმა ეს ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა და შერკინებაშიც ყველა მეტოქეს ტოლსწორად დაუდგა, მაგრამ იყო რაღაც, რის გამოც უმეტეს შემთხვევაში გამარჯვება ვერ ხერხდებოდა და ბოლო წუთებზე სარაგბო კუთხით მინიმალური სხვაობით, გამარჯვება მეტოქეს რჩებოდა. დიახ, გასულ სეზონში “ჯიქებმა” ყველაზე მეტი ფრე ითამაშეს და რეგულარულ ჩემპიონატში მათი მონაწილეობით ჩატარებული 18 თამაშიდან ორი ფრედ დასრულდა, გუნდმა 9-ჯერ მოიპოვა გამარჯვება, 7 წაგებული მატჩიდან კი, ხუთჯერ მიიღო მცირე სხვაობით მარცხისთვის განკუთVნილი ქულა.

ეს კლუბი 12 წლის წინ ნუცუბიძის პლატოზე, სრულიად შემთხვევით დაარსდა და როგორც ყველა მსგავს შემთხვევაში, მისი სულისჩამდგმელები რაგბიზე უზომოდ შეყვარებული ვეტერანები იყვნენ. ამ ყველაფერს უკეთ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი დავით გოშაძე მოგვიყვება:

“ჯიქები” 2002 წელს დაფუძნდა. ტრავმა მქონდა და ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ეზოში დავიწყე, სადაც ადგილობრივი ბავშვები ავიყოლიე. 7-10 ბავშვი რომ მოგროვდა, გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალებში მიგვეღო მონაწილეობა. მაშინ მოთხოვნა იყო, კლუბის დამფუძნებელი მინიმუმ ხუთი კაცი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენს უბანში მრავლად არიან ვეტერანი მორაგბეები და ამის პრობლემა არ შეგვქმნია. ასე შემთხვევით ჩაეყარა საფუძველი “ჯიქებს” და ძალიან სწრაფად გავიარეთ ეტაპები. ჩვენ ყველაზე ახალგაზრდული კლუბი გვყავს და აგერ უკვე მესამე წელია უმაღლეს ლიგაში ვთამაშობთ, სადაც აქამდე შუალედური ადგილები გვეჭირა, რაც, ჩემის აზრით, უკვე დიდი წარმატებაა.

ამაში დიდი როლი მიუძღვის როგორც დამფუძნებლების ენთუზიაზმს, ასევე მწვრთნელებისა და მოთამაშეების გარჯას. ახლა უკვე პასუხისმგებლობაც გაიზარდა. რაგბის კავშირის დახმარებით, სახელმწიფომ კლუბებს გამოუყო ის საარსებო მინიმუმი, რომელმაც სრულფასოვანი მზადების საშუალება მოგვცა. შსაბამისად, ამაღლდა მოთამაშეთა დონე და გაიზარდა მოთხოვნები.

ჩვენი სურვილია, რომ მოთამაშეებს უკეთესი პირობები შევუქმნათ და ამისათვის გამოვნახეთ ერთადერთი რეალური საშუალება - გვაქვს მცდელობა დავამყაროთ ურთიერთობა რეგიონის ადმინისტრაციასთან და ოფიციალური წერილით მივმართეთ ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტებს. თუ მათგან თანხმობა იქნება, ჩვენ მზად ვართ ამ ქალაქების სახელით მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში. მსგავსი პრეცენდენტი არსებობს და “ყოჩებმა” ბოლნისთან ურთიერთობის დამყარებით დიდი პრობლემები გადაჭრა. მზად ვართ, თამაშები ჩავატაროთ ამ ქალაქებში და ეს მათთვისაც პრესტიჟი იქნება. გორში რაგბის დიდი ტრადიცია არსებობს, ახალგაზრდებსაც გენეტიკურად მოსდგამთ ამის უნარი და შესაძლოა, უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ.

გაჩერებას არც ახლა ვაპირებთ, იმ პოზიციებზე, სადაც პრობლემები გვქონდა, დავიმატეთ მოთამაშეები. შესაბამისად, გაიზარდა ამბიციაც და წელს ფინალის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. თავიდან ვფიქრობდით, რომ ამ ეტაპზე ოთხეულიც მისაღები იქნებოდა, თუმცა, ასე ვთქვათ ვა-ბანკზე წავედით და რატომაც არა? გუნდში მოვიდნენ ის მოთამაშეები, რომლებიც დღეს ამინდს ქმნიან საქართველოს ჩემპიონატში, ისინი ეროვნული გუნდის კანდიდატები არიან და ფინალისთვის ბრძოლის რეალური შანსიც გაჩნდა”. 

უფრო კონკრეტულად, თუ როგორ მიდის მზადება ამ დიდი მიზნისკენ, რა ცვლილებები განხორციელდა შემადგენლობაში და როგორი იყო განვლილი ორი წელიწადი, გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ამირხანაშვილი მოგვიყვება:

-          გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კლუბის ევროთასებზე გასვლასთან დაკავშირებით საქართველოს ჩემპიონატის დაწყების ვადამ ორი კვირით გადმოიწია, ვარჯიშების დაგეგმილზე ადრე დაწყება მოგვიხდა. წინასწარი გეგმით ვარჯიშები ივლისის მეორე ნახევარში უნდა დაგვეწყო, მაგრამ მზადება ივლისის დასაწყისში განვაახლეთ. 7 აგვისტომდე თბილისში ვიქნებით, მერე ერთკვირიან შეკრებაზე ასპინძაში გავემგზავრებით, იქიდან 14-ში პირდაპირ ქუთაისში ჩავალთ და 15-ში “აიასთან” გვაქვს პირველი თამაში.

-          სამი წელია “ჯიქები” უმაღლეს ლიგაში თამაშობს და თითქმის არასდროს აგებს დიდი სხვაობით. გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძვის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მცირედით მარცხდება და მხოლოდ პრემიალური ქულით უწევს დაკმაყოფილება. რა არის ამის მიზეზი, რა გაკლდებოდათ გამარჯვებების მოსაპოვებლად?

-          მიზეზი მრავალია, მაგრამ უმთავრესი ალბათ მაინც ისაა, რომ ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ. ბიჭები ჯერ არ არიან ბოლომდე დაბრძენებული, მაგრამ წელს კარგი შევსება მივიღეთ და წესით, სიტუაცია უნდა შეიცვალოს. თითქმის ყველა რგოლი გავაძლიერეთ ისეთი მოთამაშეებით, რომელთა გამოცდილებაც აუცილებლად გამოგვადგება. მცირე სხვაობით დამარცხება არასტაბილურობის, გამოუცდელობის და შერკინებისა და ხაზის დაუბალანსებლობის შედეგი იყო. შერკინება მძლავრად კი თამაშობდა, მაგრამ ხაზი უპირატესობას ვერ ქმნიდა და ახლა ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. მოკლედ, სიტუაცია დაბალანსდა და მომავა სეზონში კარგი შედეგის მოლოდინში ვართ.

-          უფრო კონკრეტულად, ვინ დატოვა კლუბი და ვინ დაიმატეთ?

-          პირველხაზელი ნიკა ხატიაშვილი საფრანგეთში წავიდა და მომავალ სეზონში მეორე ელიტარული დივიზიონის “ორიაკის” ღირსებას დაიცავს. დაგვტოვა კიდევ ერთმა პირველხაზელმა აჩიკო გაგნიძემ და უკანახაზელებმა - დიტო კალანდაძემ და ნიკოლოზ ბერძულმა. მაგრამ შევსებაც მნიშვნელოვანია. დაგვიბრუნდა ჩვენი კლუბის აღზრდილი პირველი ნომერი ზაალ რუხაძე, რომელიც ორი წელიწადი სამხრეთ აფრიკაში, “შარქსის” აკადემიაში თამაშობდა. ის მომავალ სეზონს ჩვენთან გაატარებს და შემდეგ საფრანგეთში აპირებს წასვლას. “ბათუმიდან” დავიმატეთ ილია კაიკაციშვილი, ისიც პირველი ხაზია და ძალიან კარგი შევსებაა. მესამე ხაზი ყოფილი აკადემიელი საბა შუბითიძეთი გავაძლიერეთ, 10 ნომერზე “არმიადან” მამუკა ნინიძე გადმოვიყვანეთ, შუამარბებად კი რატი ხუციშვილი (“ყოჩებიდან”) და ვანო გაბროშვილი (“არმიადან”) დავიმატეთ. ასე, რომ ხაზიც კარგად დაკომპლექტდა და ეს წარმატების იმედს იძლევა.

-          ასეთი შევსების ფონზე, ალბათ, წელს მაღალი მიზნებიც გექნებათ დასახული.

-          დიახ, კლუბის ხელმძღვანელობა მიზნად მინიმუმ მესამე ადგილის დაკავებას მოითხოვს, თუმცა, ფინალში თამაშისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენც სწორედ ასეთი მოტივაცია გვაქვს. უკვე ორი წელია უმაღლეს ლიგაში ვთამაშობთ, ორივეჯერ ცხრილის შუაში დავრჩით და საკმარისია - ამბიციური ხალხი ვართ და გვინდა ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ვნახოთ აქედან რა გამოვა.

-          რაიმე პოზიციაზე თუ გაქვთ პრობლემა?

-          შედარებით პრობლემურად რჩება გარემარბისა და შერკინების მეორე ხაზის პოზიცია. კარგი იქნებოდა კიდევ ერთი გარემარბის ყოლა, რათა ტრავმების შემთხვევაში დაზღვეულები ვყოფილიყავით.

-          წელს ჩემპიონატი 15 აგვისტოს იწყება და ჩატარების სისტემაც შეიცვალა. როგორ იმოქმედებს გუნდზე სამკვირიანი პაუზები?

-          არადაბალანსირებული კალენდარია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ უმაღლესი ლიგის ათივე გუნდისთვის პრობლემება იქნება. გუნდი უნდა მოემზადოს ისე, რომ ზუსტად იცოდეს როდის ეწყება სეზონი და როდისაა წყვეტა, აქ კი, ყველაფერი გადალაგდა: აგვისტოში უნდა ვიყოთ ფორმაში, ხუთი თამაშის შემდეგ თითქმის მთელი თვე გაჩერება მოგვიწევს, მერე კიდევ ორი თამაში და კვლავ პაუზა... ამან მთლიანად არიან წინასწარ გაწერილი მოსამზადებელი პერიოდი და ეს მოთამაშეების ფიზიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.

თუმცა, მიზეზიდან გამომდინარე, სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა. ძალიან კარგია, რომ როგორც იქნა მივიღეთ ევროთასებზე გუნდის გაყვანის უფლება. ალბათ, “ჯიქებიდანაც” მოხვდებიან აღმოსავლეთ ნაკრებში მოთამაშეები და ისინი უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. მოკლედ, ეს ცვლილება საერთო ჯამში ქართული რაგბისათვის უმნიშვნელოვანესმა მოვლენა გამოიწვია, რომელიც სხვა ყველა დანარჩენ პრობლემას ფარავს, რადგან ყველა ჩვენთაგანისთვის უმთავრესი სწორედ ქართული რაგბის წინსვლაა.

“ჯიქები” მხოლოდ ხარისხიანი მოთამაშეებით როდი გაძლიერდა. მნიშვნელოვანი ნამატია სამწვრთნელო შტაბშიც და ამიერიდან, გია ამირხანაშვილს უკანა ხაზის მომზადებაში პალიკო ჯიმშელაძე დაეხმარება, რომელიც ერთ დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იყო, უკვე რამდენიმე წელია საქართველოს 7-კაცა ნაკრებს ავარჯიშებს, გასული სეზონი კი, მშობლიურ “ხარებში” გაატარა. ჩვენ მასთან საუბარი სწორედ მშობლიური კლუბის დატოვების მიზეზების გარკვევით დავიწყეთ:

-          უკვე სამი წელია საქართველოს 7-კაცა ნაკრებში ვმუშაობ და დამატებით რაგბის განვითარების ჯგუფში ვარ. ამ მიმართულებით შორსმიმავალი, დიდი გეგმები მაქვს. შემოდგომაზე შვეიცარიაში მივემგზავრები, სადაც სამწვრთნელო კურსების მორიგ ეტაპს გავივლი და უფრო მაღალი დონის ლიცენზიას ავიღებ. აქედან გამომდინარე, დროის უმეტესი ნაწილის გატარება თბილისში მიწევდა და რთული იყო ყოველ დღე რუსთავიდან სიარული. გარდა ამისა, “ჯიქები” ძალიან კარგი, პერსპექტიული გუნდია. ამ გუნდს უკვე აქვს გარკვეული შედეგი, მეტის მიღწევა შეიძლება და საბოლოოდ გადმოვედი დედაქალაქში.

-          გუნდთან ერთად გარკვეული პერიოდი უკვე გაატარეთ და როგორ ფიქრობთ, აქ უფრო შეძლებთ თქვენი გეგმების განხორციელებას?

-          ასე ფიქრის საფუძველს ჯერ მხოლოდ ის იძლევა, რომ “ჯიქების” უკანა ხაზში ისეთი მორაგბეები თამაშობენ, რომლებიც 7-კაცა და ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან. გუნდში ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც არიან, ანუ უფრო მეტი რესურსია, ვიდრე “ხარებში” და ეს მეტის შესაძლებლობას იძლევა. რუსთავში კარგი ბიჭები გვყავდა, მაგრამ აქ უფრო მეტია ისეთი მოთამაშე, რომელიც ნაკრებთან ახლოსაა და ვფიქრობ, საქმის გაკეთების მეტი შესაძლებლობა მექნება.

-          წინა წლებში “ჯიქები” მძლავრი შერკინებით გამოირჩეოდა და წელს როგორ იქნება საქმე?

-          იდეა სწორედ იმაშია, რომ რაც კარგად გამოსდის გუნდს - შერკინების ძალა და  ბრძოლისუნარიანება შევინარჩუნოთ და დავამატოთ ხაზის თამაში, რათა შეტევები მრავალფეროვანი გავხადოთ და პრობლემები შევუქმნათ მოწინააღმდეგეებს. ჩვენმა ხაზმა ისეთივე პატივისცემა უნდა დაიმსახუროს, როგორიც შერკინების მოთამაშეებს აქვთ.

-          რამდენად კარგად მოგყვებიან ბიჭები?

-          ჩემპიონატისთვის მზადება ცოტა არეულად, დაჩქარებული ვადებით დავიწყეთ, იყო ტრავმები, ზოგი მოთამაშეს ნაკრების შეკრებაზე დაუძახეს და გარკვეული პერიოდი გაგვიჭრდა, თუმცა, ვფიქრობ, შეკრების შემდეგ ყველაფერი მწყობრში ჩადგება.

მომავალ სეზონს იმედიანად ელოდება “ჯიქების” “ვეტერანი” (რედაქტორს, ეს ახალგაზრდა ბიჭია, თუმცა დიდი ხანია ამ გუნდში თამაშობს და რამდენად სწორი იქნება აქ ვეტერანის დაწერა ასე ბრჭყალებით?) დიტო კიკნაძე: “ივლისის დასაწყისში შევიკრიბეთ და თავიდან უმეტესად ფიზმომზადებაზე ვვარჯიშობდით. ნელ-ნელა ბურთი და ტაქტიკური მომზადებაც ჩაერთო საქმეში და ვფიქრობ, შეკრების შემდეგ ჩემპიონატის პირველ მატჩს ფორმის პიკზე შევხვდებით. დაგვემატნენ ახალი, გამოცდილი მოთამაშეები საკვანძო პოზიციებზე, შევეცდებით გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რაც შარშან გვქონდა. ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდება, მაგრამ როდესაც თამაშები დაიწყება, ყველაფერი რიგზე გვექნება. გუნდის ძირითადი ბირთვი ბავშვობიდან ერთად ვვარჯიშობთ და ეს დიდი პლიუსია. აქამდე ახალგაზრდული ასაკის გამო რაც გვსურდა იმ შედეგს ვერ ვაჩვენებდით, ახლა კი, მგონია, რომ ყველაფერი შეიცვლება”.

“ჯიქებს” ნამატიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ზაალ რუხაძემ, რომელმაც ერთ-ერთ სარაგბო გრანდ სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის აკადემიაში ორი წელიწადი გაატარა:

“შარქსის” აკადემიაში ორი წელიწადი გავატარე და პარალელურად, ვთამაშობდი კოლეჯ “ჯონსონ როვერსის” პირველ გუნდში. “შარქსის” აკადემიის 19-წლამდელთა გუნდშიც დამიძახეს, მაგრამ კისრის ტრავმა მივიღე და იქ მხოლოდ ერთი თამაში ჩავატარე. ვაპირენდი საფრანგეთში წასვლას და ახლაც ვაპირებ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ერთი სეზონი ჩემს მშობლიურ კლუბ “ჯიქებში” გავატარო და მერე გავაგრძელო კარიერა უცხოეთში. ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ და იმედია, საწადელს მივაღწევ. აფრიკაში, ზოგადად რაგბისადმი დამოკიდებულება სხვაგვარია, ვიდრე ჩვენთან. იქ ბევრად უფრო მაღალი დონეა, მაგრამ მწამს, მონდომებით და შრომით, მათ მალევე დავეწევით. იქ მიღებულ გამოცდილებას როგორც ბიჭებს, ასევე მწვრთნელებსაც ვუზიარებ და ერთიანი შრომით ბევრის მიღწევა შეგვიძლია”.

თეგებიჯიქები
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.203854