სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” აწ უკვე ყოფილი მძიმე ფორვარდი ჯერემი საიმონსი (11.08.89, 204სმ) არაბეთის ერთ-ერთი უმდიდრეს ქვეყანაში, საუდის არაბეთში გაემგზავრა და საკალათბურთო კარიერას ამ ქვეყანაში გააგრძელებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
მართალია, ზღვისპირელებმა 2013-14 წლების სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდნენ და რამდენიმე თვეა უხელფასოდ თამაშობენ. პეტერ ივანიჩისა (სერბეთი) და ჯოშუა ჯეკსონის (მალტა) შემდეგ საიმონსი (აშშ) მე-3 ლეგიონერია, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო გუნდი დატოვა. არადა, არსებობის განმავლობაში “სოხუმს” ასეთი წარმატებული სეზონი არასოდეს ჰქონია. სეზონის დასაწყისში გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, შემდეგ ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალისა და საქართველოს თასის ფინალში ითამაშა. ახლა წინ “ქუთაისი-2010”-თან მეოთხედფინალური სერიის მატჩები ელოდება. ხელფასებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კლუბს კალათბურთელთა სასტუმროში დაბინავებისა და კვების ფულიც კი არ აქვს, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტეხავს ძან არადა ძალიან მაგარი მოთამაშე იყო ალამაზებდა თავისი თამაშით და ეფექტური ჩატენვებით ჩვენს ჩემპიონატს