ქართველმა მოჭადრაკეებმა ნანა ძაგნიძემა (2506) და ლელა ჯავახიშვილმა (2493) 8th Gibtelecom Chess Festival 2010-ის მე-7 ტურში ყაიმები გააფორმეს და ქალთა ტურნირის მოგების შანსს კვლავაც ინარჩუნებენ.
გიბრალტარის ულამაზეს 4-ვარსკვლავიან “კალეტა ჰოტელში” მიმდინარე ტურნირი უძლიერესი შემადგენლობით გამოირჩევა, ამდენად, მასში წარმატება ქართველ გოგონებს რეიტინგში დიდად ახეირებს.
გასულ ტურში ჯავახიშვილი და ძაგნიძე შავი ფიგურებით გაისარჯნენ. ლელა ძლიერ არგენტინელ რუბენ ფელგაერს (2591) დაუზავდა, ძაგნიძემ კი ქულა იტალიელ ელენა სედინას (2335) გაუყო.
შედეგად, ჯავახიშვილს 5 ქულა მოუგროვდა და ინდოელი ჰუმპი კონერუსა (2614) და უკრაინელ ნატალია ჟუკოვას (2462) კვალად, ქალთა სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ჯამურ კლასიფიკაციაში 27-ე პოზიციას უწია. 4.5 ქულით ქალებში – მერვე, ხოლო საერთო ცხრილში მეორმოცეა ძაგნიძე.
შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტს (2470) ექვს ტურში ოთხი ქულა აქვს და ჯერჯერობით, 55-ე ადგილზე (ქალებში – მე-16) იმყოფება.
მე-8 ტურში ქართველი გოგონები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. ჯავახიშვილი ესპანელ ხოსეპ მანუ ლოპეს მარტინესს (2593) ეთამაშება, ძაგნიძე კი – ინდოელ ტანია საჩდევს (2398), რომელთანაც ტურნირის ფოტოგალერეის მიხედვით, კარგი ნაცნობობა უნდა აკავშირებდეს.
8th Gibtelecom Chess Festival 2010-ის სათავეში 11 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი დგას, რომელთა აქტივში 5.5-5,5 ქულაა. ლიდერები სერგეი მოვსესიანი (სლოვაკეთი, 2708), ფრანსისკო ვალეხო პონასი (ესპანეთი, 2705), მაიკლ ადამსი (ინგლისი, 2694), გატა კამსკი (აშშ, 2693), ლორენ ფრესინე (საფრანგეთი, 2670), იან გუსტაფსონი (გერმანია, 2627), ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი, 2622), ჰუმპი კონერუ, სტელიოს ჰალკიასი (საბერძნეთი, 2566), ალექს ლენდერმანი (აშშ, 2560) და ნატალია ჟუკოვა არიან.
გიბრალტარულ ტურნირში 46 ქვეყნის 223 მოჭადრაკე ირჯება, საპრიზო ფონდი კი 112 500 გირვანქას (!) შეადგენს. აღნიშნული თანხა ვაჟთა და ქალთა ტურნირების 12-12 მოწინავეზე გადანაწილდება.
ვაჟებში გამარჯვებული 15 000 გირვანქას მიიღებს, ხოლო ქალების ჩემპიონი – 8 000-ს. აგრეთვე დაწესებულია პრიზები რეიტინგულ კატეგორიებსა და საუკეთესო პერფორმანსისთვის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით ათ ტურად მიმდინარეობს და ოთხ თებერვლამდე გასტანს.







