ჭადრაკი

13:34 | 1.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა ძაგნიძეს გაასწრო

მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ტურნირ 8th Gibtelecom Chess Festival 2010-ზე ლიდერთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, თუმცა, მათ შორის ქართველ მოჭადრაკეებს ნანა ძაგნიძესა (2506) და ლელა ჯავახიშვილს (2493) ვერ ვხედავთ.
ტურნირის სათავეში მოქცევის კარგი შანსი საქართველოს საჭადრაკო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერ ძაგნიძეს ჰქონდა, თუმცა, ინდოელ ჩანდა სანდიპანისთან (2622) თეთრი ფიგურებით წააგო და დაწინაურების საშუალება აზიელს მისცა.
ამ გამარჯვების წყალობით, სანდიპანიმ 6 ტურში 5 ქულა მოაგროვა და ინგლისელი მაიკლ ადამსთან (2694), გერმანელი იან გუსტაფსონთანა (2627) და უკრაინელ ნატალია ჟუკოვასთან (2462) ერთად გალიდერდა.
ძაგნიძე 4 ქულით 36-ე ადგილამდე დაქვეითდა, ქალთა ტურნირში ლიდერის მანტია კი ხსენებულ ჟუკოვას დაუთმო და თავად მე-8 პოზიციაზე აღმოჩნდა.
4.5 ქულით ქალებში – მე-5, ხოლო ჯამურ ცხრილში 26-ეა ლელა ჯავახიშვილი, რომელმაც თეთრი ფიგურებით გერმანელი პიტერ დიტმანი (2341) დაამარცხა.
მე-7 ტურში ქართველი გოგონები შავი ფიგურებით ითამაშებენ. ჯავახიშვილის მეტოქე არგენტინელი რუბენ ფელგაერი (2591) იქნება, ხოლო ძაგნიძე იტალიელ ელენა სედინას (2335) გაეჯიბრება. 
შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტს (2470) ექვს ტურში სამი ქულა მოუგროვდა და ჯერჯერობით, 88-ე ადგილზე იმყოფება.
გიბრალტარის ულამაზეს 4-ვარსკვლავიან “კალეტა ჰოტელში” მიმდინარე 8th Gibtelecom Chess Festival 2010-ში 46 ქვეყნის 223 მოჭადრაკე ორჯება, საპრიზო ფონდი კი 112 500 გირვანქას (!) შეადგენს. აღნიშნული თანხა ვაჟთა და ქალთა ტურნირების 12-12 მოწინავეზე გადანაწილდება.
ვაჟებში გამარჯვებული 15 000 გირვანქას მიიღებს, ხოლო ქალების ჩემპიონი – 8 000-ს. აგრეთვე დაწესებულია პრიზები რეიტინგულ კატეგორიებსა და საუკეთესო პერფორმანსისთვის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით ათ ტურად მიმდინარეობს და ოთხ თებერვლამდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089547