AEROFLOT OPEN 2010-ზე მოთამაშე ქართველ მოჭადრაკე ლელა ჯავახიშვილს (2493) ხუთი ტურის თავზე ოთხი ყაიმი და ერთი მარცხი მოუგროვდა და უმაღლეს A1 კატეგორიაში მოასპარეზე 80 მონაწილეს შორის 67-ე ადგილზე იმყოფება.
გასულ ორ ტურში ჯავახიშვილმა ყაიმები გააფორმა. ლელა ჯერ სლოვენიელ ლუკა ლენიჩს (2595) დაუზავდა, შემდეგ კი ქულა ჩინელ იფან ჰოუს (2590) გაუყო. საგულისხმოა, რომ ორივე შემთხვევაში, ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ირჯებოდა.
მე-6 ტურში ჯავახიშვილი თეთრებით კიდევ ერთ ჩინელ ვეიკი ჟუს (2600) გაეჯიბრება.
A1 კატეგორიაში ჯავახიშვილის გარდა მხოლოდ ოთხი ქალბატონი – რუსი დები ნადეჟდა (2533) და ტატიანა (2515) კოსინცევები, ჩინელი იფან ჰოუ (2590) და ფრანგი მარი სებაგი (2510) ასპარეზობს. მათ შორის პირველ ადგილზე 2.5 ქულით ტატიანა კოსინცევაა, დანარჩენ ოთხეულს კი 2.0-2.0 ქულა მოუგროვდა. დამატებითი მაჩვენებლებით, ქართველი გოგონა ბოლო მე-5 ადგილზეა.
განვლილი დღეების შემდეგ, ტურნირს 4.0-4.0 ქულით რუსი ბორის გრაჩოვი (2653) და ვიეტნამელები – ლიემ ქუანგ ლე (2647) და ნგოკ ტრუონგ სონ ნგუიენი (2616) ლიდერობენ.
AEROFLOT OPEN 2010-ის საპრიზო ფონდი 140 ათასი ევროა, საიდანაც A1 კატეგორიის გამარჯვებული 21 ათასს მიიღებს, სულ კი სხვადასხვა თანხები მოწინავე ოცდაათეულს ერგება. შეჯიბრი 9 ტურად იმართება და 18 თებერვლამდე გასტანს.







