ქართველმა მოჭადრაკე ლელა ჯავახიშვილმა (2444) ჩინებულად ითამაშა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც მე-4 დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, სომხურმა “მიკამ” კი, რომლის ღირსებასაც იგი იცავდა, ქალთა ტურნირში მე-2 ადგილი დაიკავა.
ისრაელის ქალაქ ელიატში ჩატარებულ ევროპირველობაზე ჯავახიშვილმა შვიდივე ტურში ითამაშა და ბოლო ოთხში გამარჯვება იზეიმა, მანამდე კი, გამარჯვებას მარცხი და ყაიმი მიაყოლა. საბოლოოდ, ლელამ თავი 5.5 ქულას მოუყარა და როგორც ქულობრივი, ასევე პროცენტული მაჩვენებლით, მე-4 დაფაზე საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
სომხურმა “მიკამ” შვიდ ტურში 5 მოგება მიითვალა, 2 შეხვედრა კი დათმო და 10 ქულით, როგორც აღვნიშნეთ, მე-2 იყო, ჩემპიონობა კი უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულმა “მონტე კარლომ” (იფან ჰოუ (ჩინეთი, 2605), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2587), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2607), პია კრამლინგი (შვედეთი, 2514), ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2437)) იზეიმა. ამ გუნდმა შვიდივე მატჩში იმარჯვა და 14 ქულით პირველი ადგილი არავის დაუთმო, შედეგად საპრიზო ფონდიდან 4 500 დოლარიც ერგო.
ლოგიკურად დასრულდა შეჯიბრი ვაჟთა ტურნირშიც, სადაც ჩემპიონობა ასევე პირველ ნომრად განთესილ “სოკარს” (ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2792), გატა კამსკი (აშშ, 2755), სერგეი გრიშჩუკი (რუსეთი, 2752), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2751), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2748), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2685), ელტაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2616), გადირ გუსეინოვი (აზერბაიჯანი, 2608)) ერგო. აზერბაიჯანულმა კლუბმა “სანკტ პეტერბურგის” მსგავსად, 12 ქულა მოაგროვა, თუმცა, რუსულ გუნდს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და თასთან ერთად 16 ათასი დოლარიც მიიღო.







