სტატიები

9:15 | 3.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო? ვინაა? ბრაზილიელი?

საინტერესო ჩანახატი აღმოვაჩინეთ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელზე - ჯანო ანანიძეზე. ერთ-ერთ რუსულ ვებ-გვერდზე, 17 წლის ფეხბურთელზე ბევრი ისეთი რამ წერია, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა კარგად იციან, თუმცა, წერია ისეთებიც, რაც აქამდე უცნობი იყო... არა, სკანდალური აქ არაფერია და ჯანოს ამგვარი ღმერთმა აშოროს.
სხვათა შორის, იგივე ჩანახატი აღმოვაჩინეთ ინგლისური “ასტონ ვილას” ფანების საიტზეც. თუმცა, ვერ გეტყვით, ეს რას უნდა ნიშნავდეს – ის, რომ ანანიძით “ასტონ ვილა” იყოს დაინტერესებული, არც იქნება გასაკვირი.
“ჩემთვის ფული არაფერს ნიშნავს. მთავარია, ვითამაშო. 17 წლის ასაკში მოსკოვის “სპარტაკის” ძირითადში ვარ, რაც ბედნიერად ყოფნის საბაბს მაძლევს”, – ამბობს ჯანო.
ანანიძე იხსენებს, მე-5 კლასში ვიყავი, მამამ ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაში რომ მიმიყვანა და თან შემეკითხა – აირჩიე, სკოლა ან ფეხბურთიო.
“მე ვუპასუხე: ფეხბურთი!”
იგორ ტიტოვი (“სპარტაკის” ყოფილი კაპიტანი): “ეს ბიჭი ადრე “სპარტაკის” დუბლებში ვნახე, როცა მეც იქ ვვარჯიშობდი. და მისი ასაკი რომ გავიგე, შოკში აღმოვჩნდი”.
ოლეგ რომანცევი (“სპარტაკის” მწვრთნელ-კონსულტანტი): “ანანიძე ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. მადლობა ღმერთს, ვარსკვლავური სენისა არაფერი ეტყობა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებში მის თამაშს? ის ქართველია, იქ დაიბადა და გაიზარდა, ასე რომ, ანანიძის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”.
ალექსი (ანანიძის თანაგუნდელი): “აღფრთოვანებული ვარ ამ ბიჭით. ის მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე გახდება “სპარტაკის” ერთ-ერთი ლიდერი. ასეთ ტალანტებს უნდა უფრთხილდებოდნენ და პირობებს უქმნიდნენ”.
დმიტრი გუნკო (“სპარტაკის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი): “ბევრ ტალანტს არ ჰყოფნის ხასიათი და მოთმინება, რათა დიდ ფეხბურთში მყარად დამკვიდრდეს. ჯანო სასიამოვნო გამონაკლისია. ის თავმდაბალია და ყოველთვის განიცდის წარუმატებლობას, მუდმივად მუშაობს ხარვეზების აღმოფხვრაზე. სიმართლე გითხრათ, “სპარტაკის” ახალგაზრდულ გუნდში ჯანოს დებიუტი არ მომეწონა, თუმცა, ბოლო წუთებზე მაინც შეასრულა ისეთი, რაც ალბათ, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელზე კარგად შეუძლია”.  
საიტზე წერია, რომ ანანიძეს ჟანო კი არა, ჯანო ჰქვია. ეს სახელი მამამისმა, ამირან ანანიძემ მეგობრის პატივსაცემად დაარქვაო. ასევე აღნიშნულია, რომ ჯანოს დედა დიასახლისია, ძმამ კი ფეხბურთისგან განსხვავებით, სწავლის გაგრძელება არჩია.
და აი, საინტერესო ისტორია, რაც კიევის “დინამოს” უკავშირდება: “ჯანო ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა კიევის “დინამომ” წაიყვანა. კიეველთა აკადემიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ერთხელ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები იტალიაში გაემგზავრა პრესტიჟულ ტურნირზე და ანანიძეც წაიყვანეს. კიევის “დინამოში” ეს იცოდნენ, მაგრამ მათი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა ჯანოს სასწრაფოდ უკრაინაში დაბრუნება მოითხოვა. ბიჭმა საქართველოს ნაკრებს არ უღალატა, რის გამოც კიეველებმა კონტრაქტი გაუწყვიტეს”.
ისე, ყოჩაღ კიევის “დინამოს”. ალბათ, ახლა კი იცემენ თავში ხელს, მაგრამ გვიანია. ასეა თუ ისე, კიეველთა გაანჩხლებით და დოყლაპიობითაც “სპარტაკმა” უმალ ისარგებლა და ჯანოსთან ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ქართველი “სპარტაკის” დუბლებში, თავიდან, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ვარჯიშობდა, თამაშის უფლება კი არ ჰქონდა – რეგლამენტის მიხედვით, 16 წლის მაინც უნდა ყოფილიყო.  
“და აი, დუბლებში გამოჩნდა პატარა, ქერათმიანი ბიჭი, საოცარი ტექნიკით. “სპარტაკის” ფანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ – “ვინაა ჟანო? სადაურია”. ბევრს ბრაზილიელი ეგონა, მაგრამ ბრაზილიელი ასე უხმაუროდ ჩამოიყვანეს გუნდში? მერე კი ყველამ გაიგო, სადაურიც იყო. “სპარტაკის” დუბლებში პირველი თუ მეორე თამაშის მერე, ბიჭს ხან ფიოდორ ჩერენკოვს ადარებდნენ, ხან ლეო მესის (ისე, სად ჩერენკოვი, სად მესი... რედ). ჯანოს თავბრუ არ დახვევია უეცარი წარმატებისგან. პირიქით, უმატა და უმატა თამაშს.”
საიტი აღნიშნავს, რომ ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი დღესვე მზადაა ქართველის შესაძენად. სხვა კლუბებიცაა ჩამოთვლილი, თუმცა, ესენი მკითხველისთვის არახალია.
კიდევ რა ვიცით ჯანოზე?
ის, რომ “სპარტაკთან” კონტრაქტის პუნქტში უწერია – ინტერვიუების მიცემა აკრძალულია. გუნდში ყველაზე მეტად საბიტოვთან, იაკოვლევთან და რიჟიკოვთან მეგობრობს. და კიდევ, მაკდონალდსში სიარული უყვარს.
ჩანახატს კი ასეთი დაბოლოება აქვს:
P.S. ანანიძე 2013 წელს ოქროს ბურთს აიღებს!  

ილია ნანობაშვილი

0.174833