ფეხბურთი

16:15 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯამპიერო ბონიპერტი: “სეზონის ბოლოს დასახულ მიზნებს მივაღწევთ”

 ჯამპიერო ბონიპერტი ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას 1942-63 წლებში იცავდა და “ბებერ ქალბატონთან” ერთად სკუდეტო ხუთჯერ მოიპოვა. 85 წლის ბონიპერტი ამჟამად ტურინელთა კლუბის საპატიო პრეზიდენტია. მსოფლიოს 2 ჩემპიონატის მონაწილე სინიორ ჯამპიერომ ინტერვიუ მისცა Tuttosport-ს და “ბიანკონერის” დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილება გამოთქვა. 

- სერია A-ს ბოლო ტურში “იუვენტუსმა” უშუალო კონკურენტ “რომას” დამაჯერებლად მოუგო. მატჩის დასრულებისთანავე ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ დედაქალაქელთა ძლევამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს და სკუდეტოსთვის მთავარი ბრძოლა წინაა. ეთანხმებით მთავარი მწვრთნელის პოზიციას?

- ანტონიო აბსოლუტურად მართალია. დასახული მიზნის მისაღწევად ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. არათუ ყოველ შეხვედრაში, მატჩის მსვლელობისას წუთიერი მოდუნებაც კი დაუშვებელია. ჯერჯერობით, “იუვე” ამ პრინციპს განუხრელად მისდევს და სასიკეთო შედეგიც სახეზეა.

- რას ელოდებით სეზონის მიწურულს გუნდისგან?

- უპირველესად სკუდეტოს. ვიბრძოლებთ იტალიის თასის და ევროპა ლიგის მოსაგებად. ოპტიმისტურად კონტეს საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი განმაწყობს. ანტონიომ კარგად გაითავისა ჩვენი კლუბის უმდიდრესი ისტორია. იგი ყოველი მომდევნო მატჩისთვის ფეხბურთელებს ისე ამზადებს, თითქოს გადამწყვეტი ფინალი ჰქონდეთ სათამაშო. კონტეს დევიზია – არასდროს გავჩერდეთ. მთავარმა მწვრთნელმა იოლად გამონახა საერთო ენა მოთამაშეებთან. მათ მშვიდ გარემოში უნდა მივცეთ წამოწყებული საქმის სათანადოდ დასრულების საშუალება. დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს დასახულ მიზნებს მივაღწევთ.

- საყოველთაო აღიარებით, ტურინის “იუვენტუსის” ისტორია დიდწილად მისი სახელოვანი “ათიანების” წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება. მიმდინარე სეზონში 10 ნომრის მაისურათი კარლოს ტევესი თამაშობს. კმაყოფილი ხართ მისი “ბიანკონერიში” ასპარეზობით?

- კარლიტო ნამდვილი არგენტინელია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები კარგად გრძნობენ თავს იტალიის ჩემპიონატში და “იუვენტუსიც” არგენტინელი მოთამაშეების არჩევანში არ ცდება ხოლმე. ტევესმა კარგად იცის, როგორ დაიმორჩილოს ბურთი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვა ეპოქაა, ჩვენ მას ომარ სივორის ვადარებთ.

- თქვენი აზრით, გუნდი სათანადოდაა დაკომპლექტებული?

- რასაკვირველია, განსაკუთრებით ძლიერად კი შუა ხაზი გამოიყურება. 2 უცხოელი, არტურო ვიდალი და პოლ პოგბა საუკეთესოდ ასპარეზობენ. ტევესთან ერთად, მათ სერია A-ს ყველა, 18 მატჩში მიიღეს მონაწილეობა. არაფერს ვამბობ კლაუდიო მარკიზიოზე. იგი გუნდს ძალიან სჭირდება. ანდრეა პირლოს რაც შეეხება, მას უზარმაზარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, კარგად იცის როგორ გაანაწილოს ძალა 90 წუთის განმავლობაში და ურთულეს სიტუაციაში ჩავარდნილიც კი ზუსტ გადაცემას უკეთებს პარტნიორს. წლების მომატებასთან ერთად მის საფეხბურთო კლასს მისხალიც კი არ აკლდება.

- თქვენ მიერ გავლილი საფეხბურთო გზა რომ გაიხსენოთ, გული რაზე გწყდებათ?

- აქტიური საფეხბურთო კარიერა 33 წლისამ დავასრულე. იმხანად ეს ზღვრულ ასაკად ითვლებოდა. არადა, თავისუფლად შემეძლო კიდევ რამდენიმე წელიწადი მაღალ დონეზე მეთამაშა.

- ყველაზე მეტად რომელი გუნდების ასპარეზობა გხიბლავთ?

- “იუვენტუსის” შემდეგ მიუნხენის “ბაიერნის” და 2 ესპანური გრანდის, მადრიდის “რეალის” და განსაკუთრებით “ბარსელონას” თამაშს გამოვყოფ. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061225