ფეხბურთი

17:31 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: “ჩემთვის სამშობლო ცარიელი სიტყვა არაა”

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ გაზეთ “კომანდასთან” საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის მზადაა.

- მარიუპოლში გამარჯვება უფრო რთული იყო, ვიდრე საკუთარ მოედანზე კიევის “არსენალთან”?

- რა თქმა უნდა, “ილიჩივეცის” დამარცხება, თან მის ტერიტორიაზე რთული იყო. მარიუპოლელებს კარგი, ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ. ისინი ძალიან მონდომებულნი არიან და ერთმანეთის დაზღვევას ყოველთვის ცდილობენ. ამიტომ, მათთვის ბურთის ართმევა საკმაოდ რთულია. ჩვენი უპირატესობა გოლად რომ გვექცია, ბევრი ოფლის ღვრა მოგვიწია. გარდა ამისა, დღესდღეობით უკრაინის ჩემპიონატის სტუმრად მოგება იოლი არაა, სადაც უნდა ითამაშო.

- ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ოქრიაშვილის წინააღმდეგ პერსონალურად მოქმედებდით, რადგან მასთან შეტაკება ხშირად გიწევდათ...

- ამას შეტაკებას ვერ დავარქმევდი. თორნიკეს წინააღმდეგ ბრძოლა პირველად მომიწია. ის ტექნიკური და ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომლის დაჭერა ადვილი არაა, როდესაც მისი გუნდი კონტრშეტევაზე გადადის. თუმცა, მას გავუმკლავდი და თავისი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოვავლენინე. საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ოქრიაშვილის წინააღმდეგ არ ვმოქმედებდი, რადგან სამუშაო ისედაც ბევრი მქონდა.

- ჩემპიონატის სტარტზე ორივე მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარეთ. მწვრთნელი სრულად გენდობათ?

- რადგან სასტარტოში მათამაშებს და არ მცვლის, ე. ი. ჩემი იმედი აქვს. თუმცა, მესმის, რომ თითოეულ მატჩში უნდა დავამტკიცო, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ვიმსახურებ. “დნიპროში” ძალიან დიდი კონკურენციაა.

- სტატისტიკის თანახმად, თითოეულ მატჩში საშუალოდ ექვს-შვიდ ჯარიმას იღებ. იძულებითი რისკია?

- ჩემს მიერ მიღებულ ჯარიმებს არ ვითვლი. ჩემთვის მთავარია, რომ მეტოქე ისე შევაჩერო, რომ ყვითელი ან წითელი ბარათ არ მივიღო. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით სასჯელს გადავურჩი. უფრო სწორედ, მინდა ვთქვა, რომ დაშვებულ ზღვარს არ გადავსულვარ და არბიტრების პროვოცირება არ მომიხდენია.

- საკუთარ სათამაშო ფორმას როგორ შეაფასებთ?

- ეს მხოლოდ მთავარმა მწვრთნელმა უნდა შეაფასოს. თუ ხუანდე რამოსს ჩემს მიმართ რაიმე შენიშვნა აქვს ან რამის თქმა უნდა, ვარჯიშის დროს ყოველთვის მოდის და ყველაფერს დაწვრილებით მიხსნის. გამომდინარე იქიდან, თუ ვის ვეთამაშებით, ზოგჯერ მწვრთნელი ინდივიდუალურ დავალებას მაძლევს.
- ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ “დნიპროს”, რომელმაც კარგი სტარტი აიღო, სეზონის საშემოდგომო ნაწილზე ძალა არ ეყოფა...

- ვერ გეტყვით, ამას რატომ ამბობენ. თავს საუცხოოდ ვგრძნობთ – ფეხები დარბიან, თავი კარგად მუშაობს, სხვა რა არის საჭირო? რამდენად გვეყოფა ძალა, ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ფეხბურთი თამაშია, რომელიც ყოველთვის ლოგიკურად არ მთავრდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება განვლილ გაზაფხულზე ჩვენს თამაშს, ჩავარდნაში დამნაშავე მხოლოდ ჩვენ ვართ. დარწმუნებული ვარ, ის ნეგატიური გამოცდილება გამოგვადგება და დამიჯერეთ, სათანადო დასკვნები გავაკეთეთ.
- მე-3 ტურში მასპინძლობთ “ზორიას”, რომელიც ჯერჯერობით გაორებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. “დნიპროს” გამარჯვება გარანტირებული აქვს?

- წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ იოლი თამაში არ გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ ლუგანსკელებმა საშინაო მატჩში ქულები დაკარგეს, ჩემი აზრით, ისინი კარგად თამაშობენ.

- საქართველოს ნაკრებში მიწვევა თქვენთვის სტიმულია?

- რომელი ფეხბურთელისთვის არაა ეს სტიმული? ჩემთვის სამშობლო ცარიელი სიტყვა არაა. მზად ვარ, ეროვნულ ნაკრებში პირველივე გამოძახებისთანავე ჩავიდე.



სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118245