ფეხბურთი

16:23 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაური: “ჰოლანდია ზედმეტი თავდაჯერების გამო დაისაჯა”

 

ჰოლანდიელ 21-წლამდელებთან მატჩში გამარჯვების გოლის ავტორმა ჯაბა ჯიღაურმა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ოთხიდან ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსნობისთვის ბრძოლა შეეძლო.

- თბილისში 0:6 წაგების მერე, სტუმრად ჰოლანდიასთან მოგება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა...

- ძალიან მოულოდნელი და ამავე დროს გასახარებელია. 0:6 წაგების მერე, ხალხისთვის და პირველყოვლისა საკუთარი თავისთვის გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ არ ვართ ის ნაკრები, რომელიც ჰოლანდიასთან 0:6 უნდა აგებდეს. მოსაგებად ვიყავით წასული და ბიჭების თავდადებით, ასევე ღვთის წყალობით გავიმარჯვეთ.

- გამარჯვებას რით ახსნით? მეტოქემ არ შეგაფასათ სათანადოდ თუ საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა?

- სხვათა შორის, ჰოლანდიას მოგება სჭირდებოდა და ძალიან უნდოდა. შესაძლოა, 6:0 მოგების მერე, თავს მოდუნების საშუალება მისცეს. ზედმეტი თავდაჯერება ეტყობოდათ, რაც ცოტა გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ ამის გამო დაისაჯნენ. მოტივაცია გვქონდა და ბიჭებმა საკუთარი თავის ირწმუნეს. გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო. ორჯერ ბურთი ძელს მოვახვედრეთ.

- თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ჰოლანდიასთან საუკეთესო მატჩი ჩაატარა?

- მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად სლოვაკეთთან 0:1 წავაგეთ, ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ჰოლანდიასთან 0:6 წაგების მერე, ძალა მოვიკრიბეთ და შოტლანდია 2:1 დავამარცხეთ. ჩემი აზრით, საუკეთესო მატჩი შოტლანდიასთან ჩავატარეთ, მაგრამ შედეგის მხრივ ჰოლანდიასთან გამარჯვება ყველაზე მეტად დასაფასებელია.

- ყველაზე გულდასაწყვეტი რომელი შეხვედრა აღმოჩნდა?

- სლოვაკეთთან 0:1 წაგება. ძალიან მაგრად ვითამაშეთ. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ვერ გავიტანეთ, ხოლო სლოვაკებმა ერთადერთი მომენტი გამოიყენეს. ეს თამაში ფრე რომ დამთავრებულიყო, შესაძლოა, ჯგუფში სხვა შედეგი გვეჩვენებინა. ეს ნაკრები უფრო მეტს იმსახურებდა.

- როგორ ფიქრობ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს საუკეთესო მეორეადგილოსნობისთვის ბრძოლა შეეძლო?

- ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა შეგვეძლოა. რაღაც გაუთვალისწინებელი მომენტები მოხდა, ბავშვური შეცდომები დავუშვით. მომავალ თაობას წარმატებას ვუსურვებ. მართლაც ნიჭიერი ბიჭები არიან და მიხარია მათთან ერთად რომ ვითამაშე. მათ შესწევთ ძალა, რომ მომავალში, ჩვენს მიერ დაკარგული აანაზღაურონ და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშონ.

0.340545