ფეხბურთი

21:41 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” უკრაინის ჩემპიონი დაამარცხა

 

ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” მეორე სპარინგ-მატჩი გამართა. ამჯერად მოწინააღმდეგე უკრაინის ჩემპიონი და წლევადელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტი დონეცკის “შახტარი” იყო.

მატჩის წინ ძლიერად გაწვიმდა და ფეხბურთელებს თავისუფლად მოძრაობა უჭირდათ. გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო თამაში 15 წუთით გვიან დაიწყო. თავიდან შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კარგი მომენტები ჰქონდათ ჩისკოს და ტაისონს. სადღაც მე-20 წუთისთვის წვიმამ გადაიღო და თამაშიც უფრო იოლი გახდა.

მე-20 წუთზე ლუის ადრიანომ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. 23-ზე ხმალაძის ძლიერი დარტყმა ოდნავ ასცდა კარს. 34-ზე კი დინამოელებმა გახსნეს ანგარიში - ჩისკომ საჯარიმოში დონეცკელი მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა და ზუსტად დაარტყა. უკრაინის ნაკრების მეკარე ანდრეი პიატოვი უძლური იყო.

მეორე ტაიმი ქართველებისთვის უხერხულად დაიწყო. მსაჯმა დინამოელთა კარში პენალტი დანიშნა. კოსტამ მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა, მაგრამ გიორგი ლორიამ იყოჩაღა და აუღო.

მალევე დინამოელთა შეტევისას ერთმანეთს ლექვთაძე და რაკიცკი შეეჯახნენ, ორივეს ექიმების დახმარება დასჭირდა, მაგრამ თამაში ორივემ გააგრძელა.

52-ე წუთზე, თბილისელთა შეტევისას, დონეცკელთა კაპიტან დარიო სრნას ბურთი ხელზე მოხვდა. მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ჩისკომ ჩააწოდა, მაგრამ სტეპანენკომ თავით გამოიტანა და დონბასელებს სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდათ, კოსტა მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ ლორია ოსტატურად გაირჯა, დასწრებაზე ითამაშა და მოწინააღმდეგეს სივრცე შეუზღუდა.

შემდეგ ორჯერ მერებაშვილი მოექცა ყურადღების ცენტრში, ჯერ ძალიან სახიფათოდ ჩააწოდა საჯარიმოში, მაგრამ პარტნიორებმა დააგვიანეს, შემდეგ კი საჯარიმოს სიახლოვედან ძლიერად დაარტყა, ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.

ბოლოსკენ ორივე გუნდი ცდილობდა გამწვავებას, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე აღარ მისულა. ერთ ეპიზოდში ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევაც მოხდა, თუმცა ყველაფერი მალევე მოგვარდა.

სეზონის წინ დინამოელებმა, უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ერთობ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. შემდეგ მატჩს საქართველოს ჩემპიონი 27 ივნისს რუმინულ “კლუჟთან” გამართავს.

დინამო (თბილისი) – შახტარი (დონეცკი) 1:0 (1:0)

23 ივნისი. გიონგი. სტადიონი "გიონგი", 180 მაყურებელი.

დინამო: ლორია, სეთურიძე (ძარია 67), კვარაცხელია, ხმალაძე (შაშიაშვილი 82), ლექვთაძე (ხურცილავა 62), გლიშიჩი, უსტარიცი, გრაიციარი, ელგუჯა გრიგალაშვილი (მერებაშვილი 46), ჩისკო, დვალი (კვირკველია 74)

მწვრთნელი: დუშან უჰრინი

შახტარი: პიატოვი, კუჩერი (გლუშიცკი 80), ისმაილი (სობოლი 67), სრნა (კობინი 67), რაკიცკი (ვოლოვიკი 56), ჰიუბშმანი (სტეპანენკო 46), კოსტა, გრეჩიშკინი (პატრიკი 56), ტაისონი (ბოლბატი 76), ტეიშეირა, ლუის ადრიანო (მაიკონი 86)

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

გოლი: 1:0 ჩისკო (34)

გაფრთხილება: მერებაშვილი (48)

მსაჯი: კარლ ვებერი (ავსტრია)

 

ფოტოები თბილისის "დინამოს" ოფიციალური გვერდიდან

0.116855