ფეხბურთი

0:04 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” vs “დილა” - უკვე საინტერესოა

 

დილა (გორი) – დინამო (თბილისი)

17 აგვისტო. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”. 17:00

მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, ზ. ფიფია, ბ. ნინუა, გ. დოგრაშვილი, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

ტურის ცენტრალური და ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩია, რადგან ერთმანეთს დღეისთვის ქვეყნის ორი ყველაზე წარმატებული გუნდი ხვდება. თუმცა, ფეხბურთელების გონება სანახევროდ ალბათ ევროპის ლიგის პლეი ოფისკენ იქნება მიმართული, რომელშიც 22 აგვისტოს ორივეს ერთობ სერიოზული გამოცდა ელის. აკი, “ზესტაფონთან” მატჩის შემდეგ დინამოელთა დამრიგებელმა, დუშან უჰრინმა თქვა, ევროთასებიდან საშინაო ჩემპიონატში გადმორთვა გაგვიჭირდაო. არცაა გასაკვირი. პირველ ტურში “დინამოს” მარგველებთან მართლაც გაუჭირდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. “დილამ” კი “სიონთან” გასვლით შეხვედრაში გაიმარჯვა და ამით შარშანდელი უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია. შეგახსენებთ, რომ შარშან აგვისტოში, ასევე ევროპის ლიგაში გამოსვლისას, “დილამ” ეროვნული ჩემპიონატის სამივე სასტარტო შეხვედრა წააგო.

მატჩისთვის ორივე გუნდი სერიოზულად ემზადება. დინამოელთა ვებგვერდს გუნდის ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ უთხრა: “დაძაბულ და საინტერესო თამაშს ველით. ყველაფერი ახლა იწყება და თავიდანვე უნდა ჩავყაროთ საფუძველი, რათა წლეულსაც ჩემპიონები გავხდეთ. მართალია, ევროპის ლიგის პლეი ოფში ორივეს სერიოზული მეტოქეები შეგვხვდა, მაგრამ ახლა მხოლოდ “დილასთან” კონკრეტულ მატჩზე ვფიქრობთ და ვეცდებით, წარმატებით ვითამაშოთ”.

პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – სიონი (ბოლნისი)

17 აგვისტო. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. ბერულავა, ბ. ჭიჭინაძე, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

პირველ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა და ახლა მაყურებლის თვალში რეაბილიტაციას შეეცდებიან. მატჩი ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც “სპარტაკმა” მთელი წლით იჯარით აიღო და საშინაო მატჩებს სწორედ ამ სარბიელზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ შარშან, პირველ ლიგაში ასპარეზობისას, “სპარტაკი” სტუმრებს საბურთალოზე, “ბენდელას” მოედანზე მასპინძლობდა, მაგრამ უმაღლეს კლიგაში იქ თამაშის უფლება აღარ დართეს. ცხინვაველთა ბანაკში ახალი ის რის, რომ მეკარე შოთა გოგიაშვილი დაიმატეს. ბოლნისელთა გუნდში კი ყველაფერი ძველებურადაა.

 

გურია (ლანჩხუთი) – მერანი (მარტვილი)

17 აგვისტო. ფოთი. “ფაზისი.” 17:00

მსაჯები: თ. ხუჭუა, დ. კვეტენაზე, გ. ჩიგოგიძე, ო. ხეცაზე (სათადარიგო)

ლანჩხუთელთა რიგებში ჯერაც გაურკვევლობაა. მოგეხსენებათ, ფინანსური პრობლემების გამო გუნდი ლამის მთელმა ძირითადმა შემადგენლობამ დატოვა, ამიტომ ძნელი სათქმელია, როგორი კონტინგენტით და რა განწყობით გავლენ მინდორზე. “მერანმა” პირველ ტურში ცხინვალის “სპარტაკს” 2:1 მოუგო და შაბათს ეცდება, არეულ “გურიასთან” მორიგი 3 ქულა მოიპოვოს.

 

ზუდგიდი – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

17 აგვისტო. განმუხური. ცენტრალური. 17:00

დისკვალიფიცირებული: როინ ონიანი (“ზუგდიდი”)

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ლ. თოდრია, ი. უკლება, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

შარშან უმაღლესი ლიგიდან გავარდნას ძლივს გადარჩენილმა “ვიტ ჯორჯიამ” ახალი სეზონი რიხით დაიწყო. მართალია, პირველ ტურში მეტოქედ “გაურკვეველი” “გურია” ჰყავდა, მაგრამ 3:0 მაინც შთამბეჭდავია. “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ ვეტერინარებმა ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიმატეს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე სეზონში თბილისურ გუნდში ნიკოლოზ მაისურაძე, ნიკა სიჭინავა, აკაკი წყაროზია და ილია პავლიაშვილი ითამაშებენ.

პავლიაშვილისა და სიჭინავას ბოლო კლუბი ფოთის “კოლხეთი” იყო. მაისურაძე “ვიტ ჯორჯიაში” გადასვლამდე აზერბაიჯანის ჩემპიონატში თოვუზის “თურანში” გამოდიოდა, ხოლო წყაროზია სლოვაკეთის “ბუდვაში” ირიცხებოდა.

ოთხივე ფეხბურთელმა “ვეტერინარებთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ზუგდიდი” კი განმუხურში “ჩიხურასთან” 1:3 დამარცხდა და ნაკლებად სავარაუდოა, ზედიზედ მეორე საშინაო მატჩშიც წააგოს.

 

ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი)

18 აგვისტო. ქუთაისი. ცენტრალური. 17:00

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ზ. მენთეშაშვილი, ა. კოკაია, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

“მეტალურგმა” წინა ტურში ქუთაისიდან 1 ქულა წამოიღო და ახლა საჩხერელებთანაც არ აპირებს უკან დახევას. გეხსომებათ, გასულ სეზონში “ჩიხურა” საშინაო მატჩებს სოფელ ივანწმინდაში ატარებდა. წლეულს კი ვითარება შეიცვალა. შაბათს ზემოიმერლები ქვემოქართლელებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებენ.

 

ზესტაფონი – ტორპედო (ქუთაისი)

18 აგვისტო. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 19:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო., ლ. ვარამიშვილი, გ. ელიკაშვილი, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

სერბი რატკო დოსტანიჩის გაწვრთნილმა”ზესტაფონმა” პირველი ტურის მატჩში თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ ჩინებული შთაბეჭდილბა დატოვა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მარგველებმა ლაღი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, შესაძლოა, გაემარჯვათ კიდეც. არადა, გუნდი სულ ერთი თვის შეკრებილია. ამასობაში, ზესტაფონელებს კიდევ ერთი ახლწვეული შეემატათ, ნიგერიელი ნახევარმცველი ნაემეკა აჟურუ 26 წლისაა და ბოლოს სერბულ “ვოივოდინაში” ასპარეზობდა. ოთხშაბათს დოსტანიჩის შეგირდებმა საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური მატჩი გამართეს პირველლიგელ თერჯოლის “საპოვნელასთან” და 0:1 დამარცხდნენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დოსტანიჩმა ძირითადად ახალგაზრდები და დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები ათამაშა.

ახალგაზრდა ქუთაისელებმა კი პირველ ტურში შინ რუსთაველ მეტალურგებს ვერ მოუგეს და ზესტაფონში გაორმაგებული ენერგიით ითამაშებენ. რაც უნდა იყოს, მაინც იმერული დერბია.

  1. ვიტ ჯორჯია      1     1     0     0     3:0    3    
  2. ჩიხურა                1     1     0     0     3:1    3    
  3. დინამო (თბ)      1     1     0     0     2:1    3    
  4. დილა                  1     1     0     0     2:1    3    
  5. მერანი                1     1     0     0     2:1    3    
  6. მეტალურგი       1     0     1     0     1:1    1    
  7. ტორპედო          1     0     1     0     1:1    1    
  8. ზესტაფონი       1     0     0     1     1:2    0    
  9. სიონი                 1     0     0     1     1:2    0
  10. სპარტაკი            1     0     0     1     1:2    0    
  11. ზუგდიდი          1     0     0     1     1:3    0
  12. გურია                 1     0     0     1     0:3    0

მეგოლეები:

2 – ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

ბადრი კეთილაძის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090256