ფეხბურთი

23:55 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” ოცნება ვერ ასრულდა

ნახევარფინალის პირველ მატჩში მარცხის შემდეგ, “დილა” შეტევებს უნდა მიძალებოდა, თუმცა “დინამოსთან” ეს იოლი გასაკეთებელი არაა. მართალია, გია გიგატაძის გუნდმა თავიდან დიდი ძალებით სცადა ზეწოლა და მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლს ვერ ეწია – მე-9 წუთი იყო, როცა გიორგი ბერიაშვილს კარგი დასარტყმელი პოზიცია ჰქონდა, გვერდით უკეთეს პოზიციაში მყოფი დავით რაჟამაშვილი მოძებნა და მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ეს ბურთი რომ გასულიყო, საერთო ჯამში ანგარიში გათანაბრდებოდა, თუმცა ანგარიში არ გაიხსნა.

ტაიმის შუაწელს კი დინამოელთა ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს საჯარიმოში ხელი ჰკრეს, მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ კი პენალტი დანიშნა და ესპანელმა ჩისკომ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა: მეკარე ბექა შეყრილაძემ მოიგერია. დაინიშნა კუთხური, ჩისკომ ჩააწოდა და გიორგი რეხვიაშვილმა თავით ზუსტად დაარტყა – 0:1.

ეს გოლი, ფაქტობრივად, ფინალის საგზურს ნიშნავდა, რადგან “დილას” უკვე 3 გოლის გატანა სჭირდებოდა. ტაიმის დარჩენილ დროში დავით ბოლქვაძის ძლიერად დარტყმული და გიორგი ლორიას კარგი რეაქცია ვიხილეთ, ხოლო ერთ წუთში ოთარ მარცვალაძე დარჩა დასარტყმელ პოზიციაში და “დილა” ძელმა იხსნა.

მეორე ნახევარში “დილამ” თამაში გახსნა, მცველებიც წინ წავიდნენ და დინამოელთა კართან სიტუაცია ერთი-ორჯერ დაიძაბა, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. პირიქით, ‘დინამომ” გაილაღა, შეყრილაძემ მარცვალაძეს აუღო ერთი-ერთზე, მაგრამ ოთარმა მალევე მოახერხა გოლის გატანა – მარცხნიდან განახორციელა გარღვევა, ძლიერად დაარტყა და შეყრილაძემ რეაგირება მოახდინა, თუმცა ბურთი მაინც შევარდა კარში – 0:2.

მარცვალაძეს თამაში წაუვიდა, თანაც “დილა” დაცვაში კარგად ვერ თამაშობდა და ზონებს თავისუფალს ტოვებდა. 68-ე წუთზე ოთარმა საჯარიმოს უფლება მოიპოვა, გიორგი მერებაშვილმა კი ჩახვეული დარტყმით ლამაზი გოლი მიითვალა – 0:3.

გავიდა რამდენიმე წუთი, მარცვალაძე კიდევ ერთხელ მოხვდა “ეპიცენტრში”, მარცხნივ გაილაღა და ცაციით შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით გაუტანა შეყრილაძეს – 0:4.

დინამოელებმა 10-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანეს და “დილა” ქაოტურადღა ახერხებდა შეტევებს. დიდი ძალებით წინ წასვლა ერთია, მაგრამ უკან დიდი სივრცეები რჩებოდა. ალბათ, ეს იმის გამოც, რონ გორელებს აკლდათ ორი საყრდენი – ლუკა რაზმაძე და გურამ გურეშიძე. ჟვანიამ მარცვალაძე შეცვალა, თორემ გორელთა საქმე კიდევ უფრო ცუდად წავიდოდა. ოთარს ყველაფერი გამოსდიოდა. მისმა შემცვლელმა პატრიკ ვუომ ვერაფერი შემატა გუნდს. 

ბოლო წუთებში “დილამ”ანგარიშის შელამაზება შესძლო: ჯერ 84-ე წუთზე ბოლქვაძემ პენალტი გაიტანა, რომელიც რაჟამაშვილის ჩაწოდებასა და ბურთის დავით ხურცილავას ხელზე მოხვედრას მოჰყვა. ბოლოს კი, ლორიამ შეცდომა დაუშვა, ბურთი ალექსანდრე კოშკაძეს მიუვიდა და “დილას” ნახევარმცველმაც ცარიელ კარში გაიტანა.

ბოლქვაძისა და კოშკაძის გოლებს ბევრი არაფერი შეუცვლიათ,”დინამო” თასის ფინალში გავიდა და შარშანდელის მსგავსად, ისევ “ჩიხურას” შეხვდება. “დილა” კი ევროტურნირების გარეშე დარჩა. თუმცა, ეს ის “დილა” აღარაა, შარშან და შარშანწინ რომ იყო...  

მატჩის შემდეგ:

მალხაზ ჟვანია: - გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მატჩი მოგებული გვქონდა, გუნდს დავავალე, რომ ბურთი ეკონტროლებინა და შანსის გამოყენება მაქსიმალურად ეცადათ. შეიძლება ითქვას, ყველაფერი მშვენივრად შესრულა. მთლიანად გუნდმა კარგად ითამაშა.

პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა გორელმა ქომაგმა ჰკითხა ჟვანიას, რუსთავის "მეტალურგთან" რატომ წააგეთო... საუბარი იყო მეორე ეტაპის ბოლო ტურზე, როცა “დინამომ” შინ 0:1 წააგო “მეტალურგთან” და ამის გამო, გორელები ექვსეულში ვერ მოხვდნენ.

“დილას” პრესატაშე ზურაბ კარტოზიამ, სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო,  იქვე განაცხადა, რომ ეს სწორი კითხვა არ იყო. ჟვანიასაც არაფერი უპასუხია, ისე დატოვა დარბაზი.

გია გიგატაძე: - გვაჯობა “დინამომ” და შედეგი ლოგიკურია. ფიზიკურადაც და ყველანაირად ცუდად გამოვიყურებოდით. ის, რაც გუნდს ჰქონდა დავალებული, ვერ შესრულდა. მარცვალაძესა და ჩისკოს ამდენ შანსს რომ მისცემ, აუცილებლად დაისჯები.

საყრდენი ნახევარმცველები, რაზმაძე და გურეშიძე არ გყავდათ. დიდწილად ამის გამოც ხომ არ იყო, რომ დინამოელებმა სივრცე გამოიყენეს?

-  საყრდენის პოზიციაზე მათი შემცვლელები არ გვყავდა. ვშიშობდი, რომ ეს დიდი პრობლემა იქნებოდა, მაგრამ მთავარი, რის გამოც წავაგეთ,საყრდენების არყოფნა არ ყოფილა.

 

23.04. 16:00. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 3000 მაყურებელი

საქართველოს თასის 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი. პირველი მატჩი – 0:1.

დილა (გორი) - დინამო (თბილისი) 2:4 (0:1)

დილა: შეყრილაძე, მამუკა კობახიძე, კვახაძე, ხიზანეიშვილი (გაფრინდაშვილი 64), ორბელაძე, ბოლქვაძე, კოშკაძე, შალამბერიძე (ახალკაცი 64), ხოჯავა (ქვილითაია 44), რაჟამაშვილი, ბერიაშვილი.

მწვრთნელი: გია გიგატაძე.

დინამო: ლორია, ხურცილავა, რეხვიაშვილი(პაპავა 67), ხიდეშელი, კვირკველია, ცინცაძე, ძარია, პაპუნაშვილი, მერებაშვილი, მარცვალაძე (ვუო 71),ჩისკო (გოგა 64).

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.

გოლები: 0:1 რეხვიაშვილი (22), 0:2 მარცვალაძე (59), 0:3 მერებაშვილი (68), 0:4 მარცვალაძე (70), 1:4 ბოლქვაძე (84 პენ), 2:4 კოშკაძე (90).

21-ე წუთზე ჩისკომ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).

გაფრთხილება: პაპუნაშვილი(17), ორბელაძე (21),  ცინცაძე (55), ხიზანეიშვილი (64), კოშკაძე (73).

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

0.260434