ფეხბურთი

15:21 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ“ “გაგრა“ 5:0 დაამარცხა

 

გორის „დილამ“ საკუთარ სტადიონზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა ამჯერად პირველლიგელი “გაგრა” მიიღეს და დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხეს.

შეხვედრა მთლიანად გორელთა უპირატესობით წარიმართა. თვალში საცემი გახლდათ „დილას“ ფეხბურთელების სწრაფი მოქმედება და ლამაზად გათამაშებული კომბინაციები. სწორედ ასეთი კომბინაციების შედეგი გახლდათ საწყის წუთებში გატანილი ორი გოლი.

პირველ შემთხვევაში მარცხენა მხრიდან გიორგი ბერიძის ჭკვიანური გრძელი გადაცემის შემდეგ, რომან ახალკაცმა ლამაზად დაუტოვა ბურთი ნიკა კვეკვესკირს, რომელმაც ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0. ლამაზი სანახავი გახლდათ მეორე გატანილი ბურთიც, რომლის ასისტენტი კვლავ რომან ახალკაცი გახლდათ. მარჯვენა ფრთიდან მისი ზუსტი გადაცემით, ირაკლი მოდებაძემ ისარგებლა, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა – 2:0.

პირველი ნახევრის ბოლოს კი ლუკა რაზმაძის გადაცემის შემდეგ, ირაკლი მოდებაძე გაგრელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა და მცველმა „დილას“ მოიერიშეზე თამაშის წესები დაარღვია. თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად გამოიყენა – 3:0.

მეორე ნახევრის საწყის წუთებზე კვეკვესკირმა ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო – საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში ოთხამდე გაზარდა – 4:0. ამის შემდეგ გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლავთ გორელთა მეხუთე გატანილი ბურთი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ბიძინა მახარობლიძემ შორეული დარტყმით გაიტანა – 5:0. დარჩენილ დროში გორელებს ანგარიშის გაზრდა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

აქვე გვინდა მოგახსენოთ, რომ „დილას“ რიგები დატოვა გულვერდ თომაშვილმა. ჩვენი კლუბის სახელით მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ როგორც პირად, ასევე – სპორტულ ცხოვრებაში.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის „დილა“ თბილისში „ბორის პაიჭაძის“ სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

დილა – გაგრა 5:0 (3:0)

„დილა“: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, კვახაძე (კაპ.), მჭედლიშვილი, ჯაფარიძე, რაზმაძე, კვეკვესკირი, წიქარიძე, ახალკაცი, ბერიძე, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: აფხაზავა, ვ. ხორგუაშვილი, ლომიძე, ფალავანდიშვილი, ნოზაძე, რაფაელ ჩუკვურა, მახარობლიძე, კურმაშვილი, ერისთავი.

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

„გაგრა“: რეჭია, სიჭინავა, ბიწკინაშვილი, ხარაბაძე, ჯგერენაია, ნოზაძე, ქარდავა, გურეშიძე, ცაცკრიალაშვილი, ზაქრაძე, ჯერემია.

შეცვლაზე შევიდნენ: გოგატიშვილი, მაჩაიძე, რამიშვილი, მელიქიშვილი, დანელიანი.

წვრთნელი: თენგიზ სიჭინავა.

გოლები: კვეკვესკირი (6) მოდებაძე (11) კვეკვესკირი (35, 47), მახარობლიძე (64).

გაფრთხილება: გურეშიძე, მაჩაიძე.

„დილას“ პრეს-სამსახური

თეგებიგაგრადილა
0.13133