ინტერვიუები

9:55 | 13.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ფორლანი: “ჩემი აღიარება ურუგვაული ფეხბურთის კიდევ ერთი ჯილდოა”

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა, დიეგო ფორლანმა დაარღვია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ადიდასის “ოქროს ბურთი” მუნდიალის ფინალში გასული გუნდის ფეხბურთელს ერგებოდა ხოლმე. ასე ხდებოდა ბოლო 4 გათამაშების დროს. მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელს ფიფა 1982 წლიდან ავლენს და ამ 8 გათამაშებაში მხოლოდ მეორედ მოხდა, რომ საუკეთესო ფეხბურთელმა ფინალურ მატჩში ვერ ითამაშა. 1990 წელს საუკეთესოდ სალვატორე სკილაჩი დასახელდა, რომლის იტალიაც მე-3 ადგილზე გავიდა. გამოდის, რომ დიეგო ფორლანი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ვერცერთი სინჯის მედლის მოგება ვერ მოახერხა, მაგრამ საუკეთესო მაინც გახდა.
ურუგვაის ნაკრების უდავო ლიდერმა ეს აღიარება ნამდვილად დაიმსახურა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებულ 7 მატჩში მან 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ფორლანზე მეტი გოლი ამ გათამაშებაში არავის გაუტანია.
ჯილდოს მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ დიეგო ფორლანს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის წარმომადგენელი გაესაუბრა და შედეგად მიღებულ ინტერვიუს ქვემოთ გთავაზობთ.
- დიეგო, რა გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება?
- ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს აღიარება ჩემთვის მოულოდნელი იყო. აქამდე ასეთი რამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. მე ვარ თავდამსხმელი და საკუთარ თავს უფრო “ოქროს ბუცით” ხელში ვხედავდი, თუმცა ამ ჯილდომდე ცოტა დამაკლდა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი რომ გავმხდარიყავი ეს ნორმალური იქნებოდა, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი... ძალიან მოხარული და კმაყოფილი ვარ ამ ჯილდოს მიღებით, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მთელმა ჩემმა გუნდმა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა. ეს კიდევ ერთი ჯილდოა ურუგვაული ფეხბურთისთვის.
- როგორ გაიგეთ, რომ “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდით?
- ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, რომ მას შემდეგ, რაც კანდიდატთა შორის დამასახელეს, გადავწყვიტე დავლედებოდი და მენახა, რა მოხდებოდა. მითუმეტეს, რომ იყო ხმები, თითქოს შეიძლებოდა მე გავმხდარიყავი საუკეთესო, ხოლო სააშკარაოზე ფინალამდე არავის არაფერი გამოჰქონდა. შემდეგ კი, ბუენოს აირესიდან, მეგობრისგან მივიღე შეტყობინება – “გილოცავ, შენ “ოქროს ბურთის” მფლობელი ხარ”. ამის შემდეგ აგენტმა დამირეკა და დამიდასტურა ეს წარმატება. ზარები უფრო და უფრო მატულობდა და უცებ ჩემს ოთახში ნაკრების ფეხბურთელები გაჩნდნენ და სანამ გონს მოვეგებოდი, სასტუმროს საცურაო აუზში ჩამაგდეს.
- და თქვენ ამ ჯილდოს უძღვნით იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს...
- ისინი ყველანი შემოვიდნენ ჩემს ოთახში და მომილოცეს. ამაყს მხდის ის ფაქტი, რომ ჩემი თანაგუნდელები და სხვა ურუგვაელები საკუთარ იმედებს მე მიკავშირებენ, ასევე ის, რომ გულშემატკივართა რწმენის მოედანზე რეალიზებაში გუნდს მეც დავეხმარე. ასევე მინდა გამოვყო ის ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი სათამაშო დრო არ მისცემიათ, ან საერთოდ არ გამოსულან მოედანზე. ეს ბიჭები ერთიანი გუნდის შემადგენელი ნაწილი იყვნენ და ეს ჯილდო მათაც ეკუთვნით.
- ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთ ჯილდოს მიიღებდით?
- კარიერის განმავლობაში სხვა ჯილდოები მიმიღია, მაგრამ მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდებოდი. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, თავდაუზოგავი შრომის შედეგია და ვაპირებ კიდევ განვვითარდე.
- დაგეხმარათ ეს აღიარება იმ ტკივილის დსავიწყებლად, რომელიც ფინალს მიღმა დარჩენის გამო განიცადეთ?
- ძალიან ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს მიღებით და იმის გამო, რომ არაერთი გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ შინ დამწუხრებული ვბრუნდები იმის გამო, რომ ფინალში ვერ ვითამაშე, არადა სულ ცოტა დაგვაკლდა. ნახევარფინალში წაგება დიდი იმედგაცრუება იყო, რომლის დავიწყება ახლაც მიჭირს.
- და ბოლოს – არის ესპანეთი ღირსეული ჩემპიონი?
- რა თქმა უნდა, ამაში ეჭვიც არ უნდა შევიტანოთ. ამ გუნდმა მთელი ტურნირის მანძილზე საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა. შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ ესპანელები მალევე მოეგნენ გონს. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ესპანელ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს მივულოცავ ჩემპიონობას. იმედი მაქვს, ერთხელაც, ასეთ წარმატებას ჩვენც მივაღწევთ.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094443