ბათუმის სასტუმრო ”შერატონში” სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საზეიმო გახსნა შედგა, რომელშიც მონაწილეობა პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტმა ემილ სუტოვსკიმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ მიიღეს, კენჭისყრა კი ტურნირის მთავარმა არბიტრმა ნანა ალექსანდრიამ ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას 17 ქვეყნის 50 წარმომადგენელი იღებს, რომელთა შორის, 17 ქართველია. 17 მონაწილეს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება აქვს, 7 მოჭადრაკე კი მსოფლიოს საუკეთესო ტოპ-ათეულის წევრია: 3. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2598), 4. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2589), 5. ჟაო ქსიუ (ჩინეთი, 2549), 6. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2547), 7 კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2546), 8. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2532), 9. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2530).
მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით ჩატარდება და სწრაფ ჭადრაკში – 11, ხოლო ბლიცში 15 ტური გაიმართება. თითოეულ პარტიაზე დროის კონტროლი ასეთია: სწრაფი ჭადრაკი – 25 წუთი თითოეულ მოჭადრაკეს, სვლაზე 10 წამის დამატებით. ბლიცი: 4 წუთი თითოეულს, სვლაზე 2 წამის დამატებით.
ორივე ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, საიდანაც სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონს 12 ათასი ერგება, ხოლო ბლიცში საუკეთესოს – 10 ათასი.
დღეს, სწრაფ ჭადრაკში საწყისი 3 ტურის პარტიები შედგება. პირველი ტურის პარტიები სტარტს 15:00 საათზე აიღებს და უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტს (2426) ეთამაშება.
აქვე გეტყვით, რომ ტურნირის გენერალური სპონსორია კომპანია "სოკარი"







