ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ახალდაბადებული შვილის – ჰარპერ სევენის სახელი მთელ ინგლისში ქირქილისა და მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. როგორც იცით, დევიდმა და ვიქტორია ბექჰემებმა ეს სახელი თავიანთ პატარა ქალიშვილს იმიტომ დაარქვეს, რომ მათთვის ციფრი „7“ მეტად იღბლიანია და სურთ, რომ შვილიც ასეთი იღბლიანი ჰყავდეთ. თუმცა, ეს სახელი მთლიანობაში მაინც ვიქტორიამ აიჩემა და ახლა ეს ქალბატონი ნამდვილად იმსახურებს, რომ მოქირქილე ხალხს ყოველდღიურად განუმარტოს ამ სახელის მნიშვნელობა.
ჰარპერ სევენი ჯერ ერთი თვისაც არ არის და რა თქმა უნდა, ვერ ხვდება, თუ რამხელა აჟიოტაჟი და ინტერესი გამოიწვია მისმა სახელმა მთელ მსოფლიოში. სევენის ორიგინალურობაზე პრეტენზიის მქონე მშობლებს კი ყოველდღიურად ბრიტანულ პრესაში უწევთ ცინიზმით გაჯერებული სტატიების კითხვა მათ საყვარელ “შვიდიანთან“ დაკავშირებით. ერთ-ერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ბექჰემებს ხუმრობით “მეშვიდე დღის ხალხიც“ (ცნობილი რელიგიური სექტის – “მეშვიდე დღის ადვენტისტების“ მიბაძვით) კი დაარქვა.
ამან დევიდი და მისი კაპასი ცოლი ნამეტანი გაანაწყენა და ხელახლა დააწყებინა იმის მტკიცება, რომ შვილს “შვიდიანი“ მხოლოდ მისთვის სასიკეთოდ დაარქვეს (წარმოიდგინეთ, შვილს ასეთ სახელს რომ არქმევ და მერე აქეთ რომ ირწმუნები – ამას შვილისთვის ვაკეთებო...) და ეს სულაც არ არის მხოლოდ იმასთან დაკავშირებული, რომ დევიდ ბექჰემი თითქმის ყველგან შვიდნომრიანი მაისურით ირჯებოდა. პატარა ჰარპერ სევენი ამ ქვეყანას 2011 წლის მეშვიდე თვის შვიდ რიცხვში მოევლინა და ამანაც განაპირობა მისი უცნაური სახელი. ასე რომ, ამიერიდან, ნუღარ გაგვიკვირდება, როდესაც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ადამიანების უცნაურ სახელებს გადავაწყდებით. მუდამ გვახსოვდეს, რომ თვით დევიდ ბექჰემის შვილსაც კი, სახელად “შვიდიანი“ ჰქვია!







