ფეხბურთი

13:57 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ მოიესი: “ფელაინი ჩვენ თამაშს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის”

ბელგიელ ნახევარმცველ მარუან ფელაინის “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის გამოსდიოდა. წინა პრემიერლიგაში სწორედ ფელაინის ზუსტმა დატყმამ მოაგებინა “ევერტონს” “გუდისონ პარკზე”, 2012 წლის აპრილში კი ლივერპულელები მანჩესტერში “იუნაიტედს” 4:4 დაუზავდნენ და ამ ყაიმმა დიდი როლი შეასრულა საბოლოოდ “სიტის” გაჩემპიონებაში. ევერტონელთაგან იმ მატჩის მეორე გოლი ავტორი მარუანი გახლავთ. 2 სექტემბერს კი 25 წლის ფელაინი “მანჩესტერ იუნაიტედის” სრულუფლებიანი წევრი გახდა. მის სანაცვლოდ ოლდ ტრაფორდელებმა გუდისონ პარკელებს 27.5 მილიონი გირვანქა გადაურიცხეს. ტრანსფერის განხორციელებისთანავე “იუნაიტედის” შოტლანდიელმა დამრიგებელმა დევიდ მოიესმა ინტერვიუ მისცა მანჩესტერელთა საკლუბო ტელეარხს.

- სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში თქვენმა გუნდმა უკვე მეორედ გააფორმა კონტრაქტი მარუან ფელაინისთან. რა დამატებით იერსახეს შესძენს ბელგიელი “მანჩესტერ იუნაიტედს”?

- მარუანს ერთბაშად რამდენიმე სასრგებლო სათამაშო თვისება აქვს. იგი მეტად ტექნიკურია, გოლს გატანის ალღოთია დაჯილდოებული და ნახევარდაცვაში სხვადასხვა პოზიციაზე ერთნაირი სიძლიერით თამაში ხელეწიფება. ვფიქრობ, მანჩესტერელი ქომაგები ამ დონის ტრანსფერს ელოდნენ. ფელაინი ჩვენ თამაშს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. ამასთან, მარუანი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კიდევ უფრო მოუმატებს. ამასთან, პირადად მე ვფიქრობ, რომ ბოლო სეზონების განმავლობაში ფელაინი პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამიტომაც საფუძვლიანად ვთვლი, რომ “იუნაიტედმა” მეტად საჭირო მოთამაშე დაიმატა.

- ბელგიელი “ოლდ ტრაფორდზეც” გამორჩეული მოთამაშე გახდება?

- დიახ, ამ შანსს მარუანი ხელიდან არ გაუშვებს. იგი ნამდვილი პროფესიონალია და მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა ფელაინი “მანჩესტერის” მაისურათი მინდორზე საასპარეზოდ გავა.

- კონკრეტულად რომელ პოზიციაზე აპირებთ ფელაინის დაყენებას?

- მარუანი უნივერსალი მოთამაშეა. საჭიროების მიხედვით მას სხვადასხვა ფუნქციის შესრულებას დავავალებ. თუკი ვიტარებამ მოიტანა, ფელაინის ფორვარდების უკან დავაყენებ. მას საყრდენ შუახაზელადაც წარმატებით შეუძლია გამოსვლა. ერთი სიტყვით, მინდვრის შუაგულის ნებისმიერ წერტილში თავს კომფორტულად გრძნობს. პოლ სქოულზმა კარიერა დაასრულა, დარენ ფლეტჩერი ჯერჯერობით მწყობრში ვერ დგება, ასე რომ, მარუანის ტრანსფერი აუცილებლობითაა განპირობებული.

- “გუდისონ პარკზე” თამაშისას ფელაინი “სისხლს უშრობდა” “მანჩესტერ იუნაიტედს”. ოლდ ტრაფორდელთა ფანებს შვებით ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ?

- მარუანის საფეხბურთო ტალანტის გათვალისწინებით, იგი “იუნაიტედშიც” გამოიჩენს თავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.070338