კალათბურთი

17:40 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტის წარმატებული სტარტი

 ესპანეთში სტარტი აიღო მორიგმა საკალათბურთო მუნდიალმა, პირველ შეხვედრებს კი ბასკეთის ბილბაომ და ანდალუსიის სევილიამ უმასპინძლეს. მსოფლიოს საკალათბურთო მუნდიალზე დებიუტი აქვს უკრაინას და გამოცდილი ამერიკელი სპეციალისტის მაიკ ფრატელოს შეგირდებმა თავიანთი პირველი მატჩი მოიგეს.

ბილბაოს “ბისკაიას” არენაზე ჩატარებულ მატჩში უკრაინელთა სასტარტო მეტოქე დომინიკის რესპუბლიკის ნაკრები (კუნძულელები თავიანთ საკალათბურთო ისტორიაში მეორედ თამაშობენ მუნდიალზე) იყო. დომინიკელთა რიგებში არ თამაშობს ზაზა ფაჩულიას ყოფილი პარტნიორი “ატლანტა ჰოუკსიდან” ელ ჰორფორდი, რაც, ცხადია, უკრაინელთა შანსს საგრძნობლად ამაღლებდა.

მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. ვერცერთი გუნდი უპირატესობის მიღწევას ვერ ახერხებდა და დიდი შესვენების წინ ანგარიშიც საყაიმო გამოდგა - 27:27. მესამე პერიოდის დასაწყისში კი უკრაინელებმა 14:0 გაქცევა მოაწყვეს (გლადირის, კორნიენკოსა და ჯეტერის ზუსტი ტყორცნების შედეგად), რამაც პრაქტიკულად გადაწყვიტა ასპარეზობის ბედი. გამარჯვებულთაგან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯეტერი გახლდათ.

სევილიაში კი ლამის სენსაცია გამოცხვა. ხორვატებმა ფილიპინელებთან პირველსავე პერიოდში 14 ქულიან უპირატესობას მიაღწიეს, მაგრამ აზიელები დანებებას არ აპირებდნენ. მათ რიგებში მოთამაშე ანდრე ბლატჩის ბრწყინვალე თამაშმა, ჯეფრი ჩანის მეთაურობით წარმოებულმა ორგანიზებულმა დაცვამ თავისი გაიტანა. ფილიპინელებმა თანდათან ანგარიშის შემცირება იწყეს და ძირითადი დროის მიწურულს ჩენს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, იასმინ რეპეჟას ხორვატიას მარცხი არ ასცდებოდა. დაძაბული დაპირისპირება ოვერტაიმშიც გაგრძელდა, თუმცა, საბოლოოდ ბალკანელთა კლასმა თავისი გაიტანა. ბოიან ბოგდანოვიჩისა და დამიან რუდეჟას ზუსტად შესრულებულმა საჯარიმოებმა ხორვატებს პირველი მოგება მოუტანა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 28 ქულით ბლატჩი გახდა, რომელმაც ამ შედეგს 41 წუთის განმავლობაში მიაღწია. 39 წუთი დაჰყო პარკეტზე ბოგდანოვიჩმა და ხორვატებს 26 ქულით შეეწია.

ლას-პალმასის “გრან კანარია არენაზე” აფრიკის წარმომადგენელმა ანგოლამ მოლოდინისამებრ აზიის კიდევ ერთ “იმედს” სამხრეთ კორეას 80:69 მოუგო. 

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში

ბილბაო. ჯგუფი C

უკრაინა – დომინიკის რესპუბლიკა 72:62 (12:13, 15:14, 21:13, 24:22)

სევილია. ჯგუფი B

ხორვატია – ფილიპინები 81:78 დ.დ. (23:9, 14:22, 20:18, 14:22, 10:7)

ლას-პალმასი. ჯგუფი D

ანგოლა – სამხრეთ კორეა 80:69 (16:6, 20:12, 16:30, 28:21)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125463