კალათბურთი

19:21 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსტიაშვილი: “ტრავმების გამო დავიჩაგრეთ”

შეგახსენებთ, რომ ქართველი მწვრთნელებიდან ყველაზე დატვირთული, დავით უსტიაშვილია, რომელიც სამ გუნდში მუშაობს. იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის თანაშემწე, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებისა და სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “ქუთაისი-2010”-ის მთავარი მწვრთნელი.

ერთმანეთს დაემთხვა 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონში თამაში და ეროვნული ნაკრების თბილისური შეკრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ნაკრების თბილისურმა შეკრებამ უსტიაშვილის გარეშე ჩაიარა, რომელიც გუნდს, 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მოგვიანებით შეუერთდა. სამწუხაროდ, 20 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ცუდად ითამაშა, ყველა შეხვედრა წააგო, 20 გუნდს შორის ბოლო ადგილი დაიკავა და “ბ” დივიზიონში ჩამოქვეითდა.

“მსოფლიო სპორტი” დავით უსტიაშვილს ესაუბრა.

-    რა გახდა 20 წლამდელთა ნაკრების ცუდი თამაშისა და “ა” დივიზიონის დატოვების მიზეზი?

-    დავიწყოთ იმით, რომ 20 წლამდელთა წლევანდელი ნაკრები, ძირრითადად, 19 წლის კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ამას თან დაერთო ტრავმები (ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცირეკიძე, ნიკა რამიშვილი) და ძირითადად ეს გახდა წარუმატებლად გამოსვლისა და “ა” დივიზიონის დატოვების მიზეზი. ტრავმირებული კლათბურთელებიდან, ბურჯანაძემ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ხელის თითის ძვალი გაიბზარა და ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ არ წამიყვანია. რაც შეეხება ცირეკიძესა და რამიშვილს, თამაშის დროს ცირეკიძემ ტვინის შერყევა, ხოლო რამიშვილმა მუცლის არეში დაჟეჟილობა მიიღო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.

-    ჩვენს ნაკრებში რამდენი იყო 19 წლის სპორტსმენი?

-    20 წლის მხოლოდ ოთხი კალათბურთელი: გიორგი ორმოცაძე (“დინამო”), ოთარ ფხაკაძე (“ვერმონტი, ნცაა, აშშ), რევაზ როგავა (“შსს აკადემია”) და კახა ჯინჭარაძე (“სოხუმი”) იყვნენ. დანარჩენები, მათ შორის ბექა ბურჯანაძეც, 19 წლის არიან და თუ დაიმსახურეს, მომავალ წელსაც აქვთ შანსი 20 წლამდელთა ნაკრებში მოხვდნენ.

-    გუნდი, რომელიც “ა” დივიზიონში თამაშობდა, რატომ წახვედით რისკზე და აქცენტი 19 წლის კალათბურთელებზე რატომ გააკეთეთ?

-    რა თქმა უნდა, ეს არ იყო კარგი ცხოვრებით გაპირობებული. 20 წლის სპორტსპენებმა ნაკრებში თამაში ვერ დაიმსახურეს და ამიტომ გავაკეთეთ აქცენტი 19 წლის კალათბურთელებზე. მართალია, “ა” დივიზიონი დავტოვეთ, მაგრამ კალათბურთელებმა გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალ წელს გამოადგებათ.

-    ნაკრების წევრთა ტრავმიანობას რით ახსნით. ფიზმომზადება კარგად გაიარეთ?

-    მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარეთ და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირშიც მივიღეთ მონაწილეობა.

-    20 წლამდელთა ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში როგავასა და ოთარ ფხაკაძის გამოძახებას რით ახსნით?

-    უკეთესი არ გვყავს და, თუ ნაკრების მომავალზე არ ვიფიქრეთ, რთულ მდგომარეობაში ჩავვარდებით.

-    ეროვნულ ნაკრებში ვერ მოხვდნენ შარშან გამოძახებული ბექა ბექაური (“შსს აკადემია”) და აკაკი დვალიშვილი (“ოლიმპი”)...

-    ბურჯანაძეს (“კახასოლი”, ესპანეთი) და ნიკა ცქიტიშვილს (“ჩემპვილი”, ლიბანი) უკეთესი სეზონი ჰქონდათ და თქვენს მიერ ნახსენები კალათბურთელების ადგილი ამ სპორტსმენებმა დაიკავეს.

-    ევრო-2013-ის ფინალურ ტურნირზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრების გეგმებზე რას გვეტყვით?

-    თუ ტრავმის გამო ნაკრების მიღმა დარჩენილ ზაზა ფაჩულიას (“მილუოკი ბაქსი”) თორნიკე შენგელიაც (“ბრუკლინ ნეთსი”) შეემატა, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალას არ დავიშურებთ, რომ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.

0.13425