ფეხბურთი

15:05 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით თარგამაძე: “სიცოცხლით გარისკვა არ მსურს”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ, “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ილიჩევეცის” რიგებში ვარჯიში და თამაში სურს, მაგრამ მარიუპოლში შექმნილი ვითარების გამო, გამგზავრებას ვერ რისკავს.

- კლუბში გამოუცხადებლობის მიზეზი რაა?

- მიზეზი რა უნდა იყოს? დღესდღეობით, მარიუპოლი ყველაზე ცხელი წერტილია. ორი თავი ნამდვილად არ მაქვს, რომ იქ ჩავიდე. ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული პასპორტი მაქვს, შესაძლოა, ქალაქში საერთოდ ვერ შევიდე, რადგან იქ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს უშვებენ. ჩემს ადგილზე, ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა. მეოთხე დღეა თბილისში ვარ და ვერ მივდივარ. ჩემს გარდა, მარიუპოლში კიდევ 7 ფეხბურთელი არ ჩავიდა, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. მათი მესმის, რადგან ყველას თავისი ოჯახი ჰყავს და სიცოცხლით გარისკვა არავის სურს.

- “ილიჩევეცის” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკში ჩავიდა, ხოლო თქვენ მარიუპოლში - არა...

- კანკავა დნეპროპეტროვკში ცხოვრობს, სადაც სიმშვიდეა. თუ კლუბი სხვა ქალაქში გადავა, რაზეც საუბარი მიდის, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მეორე დღესვე ბილეთს ავიღებ და წავალ.

- გამოდის, რომ ჯერ უკრაინაში დაბრუნების ვადა გაურკვეველია?

- კლუბის ხელმძღვანელებს ყოველ დღე ვესაუბრები. ვუთხარი, რომ, თუ გუნდი სხვა ქალაქში დაბინავდება უპრობლემოდ ჩავალ. ახლა, ფიზიკურად ვერ მივდივარ, რადგან გარისკვა ნამდვილად არ მინდა. იმის იმედით ვერ წავალ, რომ შესაძლოა, იქ არაფერი მოხდეს.

- ცხადია, ეს უთამაშებლობა, პირველ ყოვლისა, ხელს თქვენ გიშლით. მითუმეტეს, ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ევრო-2016 შესარჩევ ციკლში სტუმრად ორი თამაშის ჩატარება მოუწევს...

- სათამაშო ფორმის შესნარჩუნებლად, ხან დავრბივარ, ხან ვცურავ, ხან სატრენაჟორო დარბაზში ვვარჯიშობ. ვითარება უახლოს დღეებში გაირკვევა. თუ კლუბი ქალაქს არ შეიცვლის, არაა გამორიცხული, “ილიჩევეცთან” საიჯარო ხელშეკრულბა გავწყვიტო და სხვაგან წავიდე. ჩემი მენეჯერი მუშაობს და ვნახოთ, რა გამოვა. ამ შემთხვევაში, რადგან კონტრაქტი “შახტართან” მაკავშირებს, საკითხის გარკვევა დონეცკელებთან მომიწევს.  ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ მე აქ ვარ, ხოლო გუნდი მარიუპოლში. კარგად ვიცი, რომ უვარჯიშებლობა ჩემი პირველი მტერია.

- ირლანდიასთან მატჩს გვერდ ვერ ავუვლით. თქვენი აზრით, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა?

- მატჩის ფრედ დასრულება რეალური იყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ. ნამდვილად შეგვიძლია ირლანდიისთვის კონკურენციის გაწევა. მითუმეტეს, სახლში ვთამაშობდით და ისეთი სიტუაცია არ იყო, რომ დავმარცხებულიყავით.

0.118567