ფეხბურთი

17:03 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით სირაძე: “იღბალი ვარჯიშებზე თავდაუზოგავი მუშაობით უნდა დაიმსახურო”

რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის “სპარტაკის” თავდამსხმელმა დავით სირაძემ გამოცემა gazetayuga.ru-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი გუნდის კრიზისი დროებითია და კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.

დავით სირაძე: “გაიხსენეთ გასული სეზონი, როდესაც ჩემპიონატის მეორე ნახევარში “სპარტაკმა” სიჩქარე “აკრიფა” და პრემიერლიგის საგზურის მოპოვების პრეტენდენტიც კი იყო. გუნდში სჯერათ, რომ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა დროებითია. ჩვენთან ხომ ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან შეკრებილი”.

- იქნებ, ყარაგანდის “შახტიორის” მთავარი მწვრთნელის ვიქტორ კუმიკოვს მიბაძოთ და ცხვარი დაკლათ, რომ “უზენაესი” ძალები დაგეხმარონ?

- არ ვიცი. ვფიქრობ, ასეთი ნაბიჯი არ დაგვეხმარება. “შახტიორმაც” ხომ საბოლოო ჯამში წააგო.
- თუმცა, არაერთხელ გითქვამს, რომ ფეხბურთში იღბალი ბევრს ნიშნავს და შენთვისაც 8-ნომრიანი მაისური “ბედნიერების” მომტანია...

- პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს ვგულისხმობდი. როდესაც თამაშამდე განსაკუთრებული განწყობა და კარგი წინათგრძნობა მაქვს, მაშინ, გოლს ვიტან ხოლმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სეზონს როგორ დაიწყებ. განვლილი სეზონი საშინაო გამარჯვებით დავიწყეთ. შემდეგ “ჩავარდნა” გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ მესამე ადგილი დავიკავეთ. იღბალი ვარჯიშებზე თავდაუზოგავი მუშაობით უნდა დაიმსახურო. ახლა, სიტუაციის გარდასატეხად ძალიან ცოტა არ გვყოფნის. ყველა კარგად ხედავს თუ რამდენ საგოლე მომენტს ვქმნით, რომელთა რეალიზებას ვერ ვახერხებთ. სადღაც რომ გაგვეტანა და სადღაც პენალტი არ “აგვეკიდა”, სხვა შედეგი იქნებოდა. რაც შეეხება 8-ნომრიან მაისურს, ამ ნომრით ჯერ კიდევ მამაჩემი თამაშობდა. “სპარტაკში” რომ მივედი “რვიანი” დაკავებული იყო და ველოდებოდი როდის გათავისუფლდებოდა.  

- ნაკრებთან ურთიერთობა საბოლოოდ არ მოგვარდა?

- ეს საერთოდ უცნაური ისტორიაა. ნაკრებში 30 მატჩზე მეტი ჩავატარე და გოლები სტაბილურად გამქონდა. როდესაც მწვრთნელი ქეცბაია გახდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრის წინ, მგონი, საბერძნეთთან არ გამომიძახეს. თან, არავის არაფერი განუმარტავს. როცა იგივე რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან მიმართებაში მოხდა, ნათელი გახდა, რომ მთავარმა მწვრთნელმა კურსი შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე აიღო. რა თქმა უნდა, საწყენია. თუმცა, კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. ამის შესახებ არც ვფიქრობ, რადგან საკუთარ თავში ძალასა და თავდაჯერებას ვგრძნობ.

- თბილისში შენი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები არიან...

- მამა და დედა ყოველ თამაშს უყურებენ. მამა რჩევებს მაძლევს. როგორც ვთქვი, ის თავად ფეხბურთელი იყო. შემდეგ ბავშვთა გუნდებში მუშაობდა და ერთი წელი თბილისის “ლოკომოტივსაც” წვრთნიდა. დედა ძალიან დიდი გულშემატკივარია და ფეხბურთში საუცხოოდ ერკვევა. როდესაც ის სტადიონზეა, ყოველთვის გოლი გამაქვს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122641