ლვოვის “კარპატიმ”, რომლის ღირსებასაც ბუბა დაუშვილი იცავს, თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგი სლოვაკეთის “ტრენჩინთან” ჩაატარა და 2:2 ითამაშა.
ქართველი საყრდენი ნახევარმცველი მოედანზე პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გამოჩნდა და მეორე ტაიმში აღარ შეუცვლიათ. დაუშვილს, რომელსაც უკრაინის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე პირველ გუნდში არ უთამაშია, მოსამზადებელ პერიოდში მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე სევიდოვი თავის გამოჩენის საშუალებას სტაბილურად აძლევს. იმედია, უკრაინის პრემიერლიგის განახლების მერეც იგივე გაგრძელდება.
“კარპატიში” მეორე ტაიმში გამოჩნდა უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუა, ხოლო ევგენი ბოხაშვილი დაასვენეს.
კიდევ ერთმა უკრაინულმა კლუბმა ლუცკის “ვოლინმა”, რომელიც ასევე თურქეთში ემზადება, საკონტროლო მატჩი ბოსნიის “ოლიმპიკთან” 2:2 დაასრულა. თემურ ფარცვანიამ “ვოლინის” შემადგენლობაში მეორე ტაიმი ჩაატარა.
რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის “სპარტაკმა”, რომელშიც დავით სირაძე და გუჯა რუხაია ირიცხებიან, თურქეთში ამხანაგური მატჩი მოლდოვის “მილსამისთან” 0:1 წააგო.
რუხაია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. მის მაგივრად მოედანზე რუსეთის მოქალაქე ნიკა ჩხაპელია გამოვიდა. სირაძემ შეცვლაზე ითამაშა, ხოლო რუსული პასპორტის მქონე გიორგი ჯიქიამ თავიდან ბოლომდე იასპარეზა. ჩხაპელია და ჯიქია ნალჩიკურ გუნდში ისინჯებიან.
ნალჩიკელთა თანადივიზიონელმა ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” შეკრებაზე “ტიუმენს” ვერ მოუგო – 0:0. მერაბ ურიდიამ ნიჟნეკამსკელებში პირველი ტაიმი ჩაატარა.