ბაადურ ჯობავას ჩინებული სვლა ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში შეწყდა. ქართველმა მოჭადრაკემ (2707) თეთრი ფიგურებით რუს ვლადიმირ პოტკინთან (2653) წააგო და 7.0 ქულით 21-ე ადგილზე აღმოჩნდა, ამდენად, მედლებისთვის ვეღარ იბრძოლებს.
საფრანგეთის ქალაქ ექს ლე ბენში მიმდინარე ევროპირველობის ბოლო ტურის წინ, 8.0 ქულით სამი მოჭადრაკე დაწინაურდა – ხსენებული პოტკინი, პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი (2711) და უნგრელი იუდი პოლგარი (2686), რომელიც უკვე ვაჟებსაც აღარაფერს უთმობს.
უკანასკნელ ტურში ცენტრალური პოტკინისა და პოლგარის პარტია იქნება, ჯობავა კი შავი ფიგურებით რუს ილდარ ხაირულინს (2634) დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 58. ლევან ფანცულაია (2595) – 6.5; 98. ლელა ჯავახიშვილი (2437) – 6.0; 114. ლუკა პაიჭაძე (2487) – 6.0; 129. თორნიკე სანიკიძე (2542) – 5.5; 186. დავით ლობჟანიძე (2489) – 5.0; 212. დავით ზარქუა (2397) – 5.0; 222. სალომე მელია (2462) – 5.0;
ევროპის ჩემპიონატი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და ორ აპრილს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული ოც ათას ევროს მიიღებს, სულ კი, ფულადი პრიზებით 25 მოწინავე მოჭადრაკე დაჯილდოვდება.







