ალბათ, ჩვენ მკითხველს ახსოვს, ინგლისური კლუბის “მანჩესტერ სიტის” და იტალიის ნაკრების თავდამსხმელ მარო ბალოტელიზე და მის შეყვარებულ რაფაელა ფიკოზე რომ ვწერდით. საქმე ისაა, რომ ბალოტელის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ წყვილი რაც შეიძლება მალე დაქორწინდებოდა. ბალოტელის თავქარიანობა ცნობილია და ამიტომ მწვრთნელი ფიქრობს, თუ მარიო ოჯახს მოეკიდება, დამშვიდდება და თამაშსაც უკეთესად შეძლებს.
რაფაელა თითქოსდა ფეხბურთელის ცოლობის წინააღმდეგი არაა, მაგრამ დაქორწინებას ნამდვილად არ ჩქარობს. “ჯერ ადრეა ქორწინებაზე ლაპარაკი, ძალიან ახალგაზრდები ვართ. უკეთესი იქნება, თუ მწვერვალების დაპყრობას ორივე საკუთარ პროფესიებში შევეცდებით. შემდეგ ქორწილზე ფიქრიც შეიძლება” _ განაცხადა რაფაელამ.
წყვილი ჯერჯერობით თავისუფლებით ტკბობას ამჯობინებს და ოჯახის უღელში თავის გაყოფას არ ჩქარობს. მითუმეტეს, თავქარიანი მარიო, რომელიც სტრიპტიზ-კლუბების ხშირი სტუმარია. და თუ ასე გააგრძელა, ალბათ გაუჭირდება ფეხბურთის მწვერვალების დაპყრობა და რიგითი მოთამაშის სტატუსს დასჯერდება. ბალოტელი ჯერ მხოლოდ 21 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს. თუ გონივრულად მოიქცევა და ღირსეული მეოჯახე გახდება, ამან შეიძლება მის კარიერაზე დადებითად იმოქმედოს.







