თქვენ ჯვარი გწერიათ და, იტალიაში მოთამაშე ბრაზილიელი გოლკიპერის, ჟულიო სეზარის ცოლი, პოპულარული მოდელი სუზანა ვერნერი ისეთი ქალია, კაცს შეხედვისთანავე ”ავი ზრახვები” რომ მოეძალება. ამის მიუხედავად, ჟულიო სეზარი ამტკიცებს, რომ ცოლში პირველ რიგში მისი ხასიათი მოსწონს და არა გარეგნული კეკლუცობანი.
”არ განვეკუთვნები ისეთი მამაკაცების კატეგორიას, რომლებიც თავიდანვე ქალის ვიზუალურ მხარეს აქცევენ ყურადღებას. როდესაც ქალი ლამაზია, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ გარწმუნებთ, მე სუზანაში, უპირველესყოვლისა, მისმა ხასიათმა და ბუნებამ მომხიბლა”, – აგრძელებს ფიცი-მტკიცს ბრაზილიელი გოლკიპერი.
ჟულიო სეზარის გულში რა ხდება, აბა, ჩვენ საიდან გვეცოდინება და მოდით, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ჟულიო სეზარის ამჟამინდელი ცოლი და ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს ნაცოლარი, სუზანა ვერნერი მართლაც ხელიხელსაგოგმანები ხასიათის ქალი და ბრწინვალე მანდილოსანი იყოს. მაგრამ ჩვენთვის სამწუხარო ერთი ისაა, რომ სუზანას ალბათ არც ხინკლის მოხვევა ეცოდინება და არც შქმერულის გაკეთება, თორემ ქალი არ იქნებოდა მისი ბადალი.







