ალბათ, ყველასთვის საინტერესოა, რომელ კლუბს ქომაგობენ ცნობილი სახეები და რა ფორმით. “მსოფლიო სპორტი” ყოველკვირეულად დაწერს ოთხ უძლიერეს ჩემპიონატში (პრემიერლიგა, პრიმერადივიზიონი, სერია “ა”, ბუნდესლიგა) ამა თუ იმ კლუბების ყველაზე ცნობილ გულშემატკივრებზე – ვინ ვისკენ...
ინგლისის პრემიერლიგით დავიწყებთ: ლონდონის “არსენალი” ამაყობს იმით, რომ მას ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ II ქომაგობს და თანაც როგორ – საკმაოდ სტაჟიანია “ამ საქმეში”, “მეთოფეებისადმი” სიყვარული დედამ ჩაუნერგა, რომელიც ამ კლუბს 1936 წლიდან გულშემატკივრობდა.
ელიზაბეტ II-ს რამდენჯერმე მიუწევევია “არსენალის” მწვრთნელ-ფეხბურთელები სასახლეში, თავად კი, სტადიონ “ემირეიტსის” გახსნას დაესწრო.
“არსენალს” სხვა ცნობილი ქომაგებიც ჰყავს და პირველ რიგში, ყველას უსამა ბენ ლადენი გაახსენდება. ცნობილი უსამა თავადაც თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა, რა თქმა უნდა, გასართობად...
“მეთოფეების” მაგარი მხარდამჭერია მსახიობი ქევინ ქოსტნერი. რობინ ჰუდის როლის შემსრულებელმა ერთხელ შვეულმფრენი დაიქირავა და 200 კილომეტრის მოშორებიდან გაფრინდა, რათა საყვარელი გუნდის თამაშს დასწრებოდა. “არსენალისტები” არიან ასევე მსახიობები - ტომ კრუზი, ჯოანა კოლინზი, ბრაზილიელი მწერალი პაოლო კოელიო, “Pink Floyd”-ის სოლისტი დევიდ გილმორი და “Queen”-ის ერთ-ერთი წევრი როჯერ ტეილორი.
არანაკლებ სახელიანი ქომაგები ჰყავს “მანჩესტერ იუნაიტედსაც” და გაგიკვირდებათ, მათ სიაშია საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც... არავინ იცის, რატომ (ვითომ, ერიკ კანტონას “ბრალია”?), მაგრამ სარკოზი რამდენჯერმე ნახეს “ოლდ ტრაფორდზე” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურიც სცმია.
მანკუნიანელებს ქომაგობენ მსახიობები – ბრედ პიტი, ორლანდო ბლუმი, მომღერლები – რობი უილიამსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯგუფ “Simply red”-ის სოლისტი ჯონ ჰაკნელი და ასევე, ცნობილი მძლეოსანი უსეინ ბოლტი.
ლონდონის “ჩელსი” – ქვეყნის ექს-პრემიერ-მინისტრი ჯონ მეიჯორი “არისტოკრატთა” თავგადაკლული ქომაგი გახლდათ. მისი “თანამოძმეა” აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც.
გარდა ამისა, “ჩელსის” გულშემატკივრობენ მსახიობები – გვინეტ პელტროუ, მეტ დეიმონი, ჯგუფ “Dépêche mode”-ის მუსიკოსები - ენდი ფლეტჩერი და დეივ გაჰანი, გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერიც...…“არისტოკრატთა” ცნობილი გულშემატკივარია პირმშვენიერი მსახიობი შარლიზ ტერონი, რომელსაც “სტემფორდ ბრიჯის” ტრიბუნებზე საკუთარი ადგილიც აქვს.
“მანჩესტერ სიტის” ნამდვილი ფანები არიან ნოელ და ლაიამ გალაჰერები (ჯგუფი “Oasis”-ი), თუმცა ეს, ქართველებისთვის ცნობილი ამბავია – “სიტიში” ხომ გიორგი ქინქლაძე ბრწყინავდა. “ქინქი” და გალაჰერები კი მეგობრები იყვნენ.
“ყოველდღე, როცა ვიღვიძებ, ვუსმენ “Oasis”-ს და ჩემი ფიქრები გადადის “მანჩესტერ სიტისკენ”, – განაცხადა “ქალაქელთა” კიდევ ერთმა ცნობილმა ფანმა, პროფესიონალმა მოკრივე რიკი ჰატონმა.
“სიტის” მხარდამჭერები არიან მსახიობი ტიმოთი დალტონი და ცნობილი ინგლისელი მორაგბე ვილ გრინვუდიც.
“ლივერპულსაც” რომ ძალიან დიდი არმია ეყოლება, თქმა რად უნდა? ლამაზმანი ანჯელინა ჯოლი (მერე რა, რომ ბრედ პიტი ‘მანჩესტერ იუნაიტედისკენაა”), მომღერლები – კრის დე ბურგი, რეპერი ემინემი, დიჯეი სპუნი, მსახიობი სტენ ბორდმენი.
“წითლების” ქომაგი გახლდათ ლეგენდარული “The beatles”-ის ჯონ ლენონიც. სამაგიეროდ, პოლ მაკარტნი ლივერპულის მეორე გუნდს – “ევერტონს” გულშემატკივრობს. “ევერტონისტია” ცნობილი მსახიობი სილვესტერ სტალონეც...
“ნიუკასლის” ყველაზე ცნობილი ქომაგია ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. ასევე, “კაჭკაჭებისკენ” არიან ჯგუფ “Dire straits”-ისა და “Pet shop boys”-ის მუსიკოსები და Sting-იც...
“ასტონ ვილას” პრინცი უილიამი, მომღერალი ოზი ოზბორნი და მსახიობი ტომ ჰენქსი ქომაგობენ.
“ტოტენჰემსაც” ცნობილი “არმია” ჰყავს – მსახიობი ჯუდ ლოუ, ჯგუფ “Status quo”-ს მუსიკოსები და ასევე, მომღერლები: შაინა ტვაინი და ფილ კოლინზი.
ილია ნანობაშვილი