ძიუდო

10:45 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი ჰავანაშიც საუკეთესოა

 

ჰავანაში მიმდინარე გრან პრის მეორე დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის პირველზე წარმატებული გამოდგა. ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ მოგებულ ოქროს მედალს გუშინ ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ოქრო მიამატა, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) – ბრინჯაო.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც კოლუმბიელ პედრო კასტროს იუკოთი აჯობა. რუსეთის ნაკრების წევრი მურატ ხაბაჩიროვი სამწუთნახევარში შებოჭა, კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს ორი წუთი აკმარა, ფინალში კი ამერიკელ ტრევის სტივენსს ვაზარი აკმარა.

ნუგზარ ტატალაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, ებრაელ საგი მუკთან წაგებით. იქამდე არგენტინელ ლუის ვეგა ვაზარით, ხოლო ბრაზილიელი ლეანდრო კუნია იპონით ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი კიდევ ერთ ბრაზილიელს – მარსელო კონტინის სძლია. სწორედ ამ ძიუდოისტმა გამოთიშა გრან პრის 73 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველი ლაშა შავდათუაშვილი. საფინალო სირენისას ლაშას ანგარიშზე იუკო იყო, კონტინიმ კი ვაზარის აღება შეძლო.

გუშინვე საქართველოს დროშის ქვეშ უშანგი მარგიანმაც (81 კგ) იჭიდავა და პოდიუმამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში მექსიკელი გერმან აიალასა და დომინიკის რესპუბლიკელი მარკოს ფიგერეოს იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან იუკოთი დამარცხდა და “ბრინჯაოს ნახევარფინალში” გადაერთო, სადაც კუბელ რეიდელ მარენს სამ წუთში მოუმთავრა საქმე. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კი ჭრიკიშვილისგან ნახევარფინალში ძლეულ ვალუა-ფორტიესთან წაგებით დაკარგა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა გრან პრის ჩემპიონობით 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ნუგზარ ტატალაშვილმა – 120, ხოლო უშანგი მარგიანმა – 60.

დღეს ტატამები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეებს დაეთმობათ. საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) იჭიდავებენ.

ქართველი ძიუდოისტები სატურნირო ბადეში ერთ მხარეს მოხვდნენ და მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება. იქამდე კი... ლიპარტელიანი მერვედფინალში კუბელი ენდი გრანდასა და სერბი ალექსანდრ კუკოლჟის წყვილიდან გასულს შეხვდება, ღვინიაშვილის სავარაუდო მეტოქეები ამავე ეტაპზე სლოვენიელი დავიდ კუკოვიცა და ლიბანელი ნაციფ ელიასი არიან. ოქრუაშვილი პირდაპირ მეოთხედფინალით დაიწყებს, ბრიტანელ კრისტოფერ შერინგტონსა და კუბელ არლენდი მორალესს შორის მოგებულთან შეხვედრით, მატიაშვილს კი მერვედფინალში მოწინააღმდეგედ ჰონდურასელი რამონ პილეტა ერგო.

ვარლამ ლიპარტელიანი და ადამ ოქრუაშვილი ჰავანას გრან პრიზე პირველ ნომრებად არიან განთესილები.

0.120603